„ილია თანამედროვე პოეზიაში“ – ლიტერატურულ კონკურსზე ნაწარმოებების მიღება გრძელდება
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი” აცხადებს კონკურსს -„ილია თანამედროვე პოეზიაში”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში ავტორების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ილია ჭავჭავაძის შესახებ/თემაზე სპეციალურად საკონკურსოდ შექმნილი ან ჯერაც გამოუქვეყნებელი ლექსი.
კონკურსის მიზანია:
ილიას ფენომენის/არსისა და იდეის აქტუალიზაცია სალიტერატურო და საჯარო სივრცეში;
ილიას შესახებ საჯარო დისკურსის ხელშეწყობა და მედიუმად ლიტერატურის გამოყენება;
ილია ჭავჭავაძის პერსონის და მოღვაწეობის გააზრება და გადააზრება თანამედროვე კონტექსტში, ერთიანი ეროვნული და ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე.
ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნა და პოპულარიზაცია.
კონკურსის პირობები:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან/დაწერონ და გამოაგზავნონ ილიას შესახებ, მისი მოღვაწეობის თემაზე, ან ილიას ნაწარმოებების ინსპირაციით ერთი (ან რამდენიმე) ლექსი (ერთ ავტორს უფლება აქვს სურვილის და შექმნის შემთხვევაში გამოაგზავნოს ერთზე მეტი ნამუშევარი);
კონკურსში მონაწილეობისათვის არაა შეზღუდული ლექსის ფორმა. ის შეიძლება იყოს ბოლორითმოვანი, კონვენციური, ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, თეთრი ლექსი და სხვა;
საკონკურსოდ გამოგზავნილი ლექსი სასურველია შექმნილი იყოს სპეციალურად კონკურსისთვის. თუმცა, ასევე მიიღება ილიას შესახებ ადრე დაწერილი ლექსიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თუ ის არ ყოფილა საჯაროდ გამოქვეყნებული;
ასევე, კონკურსი დასრულებამდე, საკონკურსო ლექსი არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან გამოქვეყნებული წიგნში, კრებულში, ჟურნალში, გაზეთში, ელ.ჟურნალში, ლიტ.საიტზე, სოც.ქსელში და სხვა. საწინააღმდეგოს აღმოჩენის შემთხვევაში ნაწარმოები და ავტორი მოიხსნება კონკურსიდან;
კონკურსის გამარჯვებულ 3 საუკეთესო პოეტურ ნამუშევარს შეარჩევს ლიტერატურისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული 5-კაციანი ჟიური. ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი;
დამატებით ერთი გამარჯვებული ნომინაციაში მკითხველის სიმპათია გამოვლინდება სოციალური ქსელში მიღებული უმაღლესი შეფასების, დადებითი რეაგირებების (მოწონებების) მიხედვით;
„კონკურსის მიმდინარეობისას ყველა საკონკურსო ლექსი გამოქვეყნდება ორგანიზატორის სოც-ქსელის ოფიციალურ გვერდზე;
კონკურსში გამარჯვებული თითოეული ავტორი დაჯილდოვდება ლაურეატის სიგელით და ფულადი პრემიით -1000 ლარი;
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს;
კონკურსის მონაწილე სავალდებულოა იყოს საქართველოს მოქალაქე;
კონკურსის მონაწილე სავალდებულოა იყოს სრულწლოვანი;
კონკურსის მონაწილეს აუცილებელია გამოქვეყნებული ჰქონდეს ბეჭდური ან ონლაინ სახით კრებულში, ლიტერატურულ პრესასა თუ ნებისმიერი სხვა სახის პერიოდიკაში, ან ნებისმიერ ლიტერატურულ ონლაინ პლატფორმაზე რამდენიმე ლექსი.
საკონკურსო მასალები მიიღება 2024 წლის 4 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: poetry-contest@iliafoundation.com
გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ „კონკურსი – ილია”.
ელექტრონული ვერსიის სახით (Word-ის ან PDF ფაილი) საკონკურსო ნამუშევართან ერთად უნდა გამოაგზავნოთ: ავტორის მოკლე ავტობიოგრაფია (CV), პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ფოტოსურათი (1 ცალი), საკონტაქტო ნომერი.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 595090982 ან მოგვწერეთ ელფოსტის საშუალებით: poetry-contest@iliafoundation.com
კონკურსის „ილია პოეზიაში” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება თბილისში, 2024 წლის 12 სექტემბერს.
პროექტის ავტორი და ორგანიზატორი: „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“; პარტნიორი: საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“; ოფიციალური მხარდამჭერი: თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.