აშშ-ის დაზვერვა: დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას,- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაზვერვა აცხადებს.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ფედერალურმა სააგენტოებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ირანმა აშშ-ის არჩევნებში ჩარევა უთანხმოების გაღვივებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შელახვის მიზნით განახორციელა.
“დაზვერვა დარწმუნებულია, რომ ირანელებს პირდაპირი წვდომა ჰქონდათ პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე”, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
დაზვერვის ინფორმაციით, ამ ქმედებების მიზანია აშშ-ის საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენა, რადგან ირანი, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აღიქვამს.
დაზვერვის ცნობით, მსგავსი თავდასხმა განხორციელდა არა მარტო ტრამპის, არამედ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაზეც. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ტაქტიკა ახალი არაა და მსგავსი მეთოდები ირანისა და რუსეთის მხრიდან შეერთებული შტატების წინა არჩევნებზეც შეიმჩნეოდა.
რა სახის ინფორმაციის მიღება შეძლეს ჰაკერებმა ეს უცნობია, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ საჯარო ინფორმაცია მიიღეს.