კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტერატურული კონკურსი, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება. კონკურსი ყოველწლიურია და მისი ძირითადი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. ამასთან ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება. პრემია „ანასთვის“ წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, ვინაიდან წელს ანა კალანდაძის, ქართული პოეზიის დედოფლის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
კულტურის სამინისტრო კონკურსს ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად ყოველწლიურად აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
საკონკურსოდ განიხილება პრემიის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
● „ქალი პროზაიკოსი“ – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
● „ქალი პოეტი“ – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
● „ქალი მთარგმნელი“ – საუკეთესო თარგმანისთვის;
● „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.
თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 000 ლარია (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის.
კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად მინისტრის მიერ ყოველწლიურად იქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია ხუთი წევრის შემადგენლობით.
წელს საკონკურსო განცხადებები მიიღება 2024 წლის 19 აგვისტოდან 9 სექტემბრის დღის 12 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge -ელექტრონულად.
კონსულტაციების გავლა შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, მობ.: 599877816.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში.
საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/SebkdLCo
ინფორმაციისთვის, კულტურის სამინისტრომ კონკურსი ლიტერატურული პრემია „ანა“ 2022 წელს დააარსა და ის წელს უკვე მესამედ ცხადდება.
შარშან, ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:
● ნომინაციაში „ქალი პოეტი“ ირმა ბერიძეს, კრებულისთვის „კაცმა დარეკა“ და ლელა (მარინე) გაბურს, კრებულისთვის „ფითრის ბილიკზე“;
● ნათია როსტიაშვილს, ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, წიგნისთვის „სხვა სკოლა“;
● მარინა ბალავაძეს, ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, ჟან-პოლ სარტრის წიგნის თარგმანისთვის „რა არის ლიტერატურა?“;
● ნომინაციისთვის „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“ კონკურსი არ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები