ვახტანგ ცინცაძე: ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – 6 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის დინამიკა 2024 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა – შედეგად, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში, შესაბამისი კვარტლების ჭრილში, დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა.

„ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – 6 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს, შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ამასთან, ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და მეორე კვარტალში 13.7 პროცენტს შეადგენს“, – აღნიშნა ცინცაძემ.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად – წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა პირველ კვარტალშიც, რომელიც 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, 2024 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა.

„აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში გაგრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც, ასევე პოზიტიურად აისახება შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები