საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებს ახორციელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ. ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს: ჭალადიდი, ქვემო ქვალოვანი, გოლასკური, ზემო ჭალადიდი, თეკლათი, პატარა ფოთი, საჭოჭუო, შავღელე, ახალი სოფელი, საგვიჩიო, ზემო რეკა, ქვედა რეკა, შუა ქვალონი, შუა ხორგა, ქარიატა გაღმა, ყულევი, ქარიატა გამოღმა. პროექტის დასრულება, ეტაპობრივად, 2027 წლისთვის იგეგმება, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
“ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა წმინდა გიორგის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელი განახლდება მალთაყვას უბანშიც. პროექტი ასევე ითვალისწინებს: ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სკადას სისტემის მოწყობას. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება საქლორატოროსა და სატუმბ სადგურებზეც, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი. პარალელურ რეჟიმში, ქ. ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.
კომპანიის დაკვეთით, ქალაქ ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის მიერ დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯამში 17 კმ-მდე მონაკვეთზე, 10 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს.
ამასთანავე, ლარნაკას, გურიისა და სამეგრელოს ქუჩებზე წყალარინების ქსელის მშენებლობის მიზნით, ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობისთვის ალტერნატიული გზა თეოფანე დავითაიას, ვიქტორ კრატასიუკისა და გამსახურდიას ქუჩებზე მოეწყობა.
მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, ქ. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ.
ქ. ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების 17 სოფელში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ჯამში 193 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.