ილონ მასკი ტრამპს, გამარჯვების შემთხვევაში, ადმინისტრაციაში გარკვეული როლის შესრულებას სთავაზობს
დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ილონ მასკმა ტრამპს შესთავაზა შეასრულოს გარკვეული როლი მის ადმინისტრაციაში.
„ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ გვქონდეს სამთავრობო ეფექტურობის კომისია, რომელიც უზრუნველყოფს, გადასახადის გადამხდელთა ძალიან ძნელად გამომუშავებული ფული, სწორად დაიხარჯოს. სიამოვნებით დავეხმარები ასეთ კომისიას მუშაობაში“, – განაცხადა მასკმა ტრამპთან ინტერვიუს დროს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მოეწონებოდა ეს იდეა, თუ ამაში ილონ მასკი ჩაერთვებოდა. მისი განცხადებით, მასკის დახმარება განათლების დეპარტამენტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში სჭირდება.
„ეს ის ადგილია, სადაც მე მჭირდება ილონ მასკი – ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ძალა, გამბედაობა და ჭკუა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ინტერვიუ ილონ მასკთან, რომელიც სოციალურ ქსელ „X“-ზე მიმდინარეობდა, 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან, მასკის თქმით, სოციალურ ქსელზე აქტიურად მიმდინარეობდა კიბერთავდასხმა.
მასკმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრამპს უჭერს მხარს არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეაქცია თავდასხმაზე.
“ტრამპის მიერ შეკრული მუშტი, მას შემდეგ, რაც თავს დაესხნენ, წარმოუდგენლად შთამაგონებელი იყო”,- განაცხადა მასკმა.