აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ომიდან 16 წელი გავიდა. აგვისტოს 5-დღიან ომს წინ ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტელი საარტილერიო სროლები უძღოდა.

ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოწოდების შემდეგ, თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა.

7 აგვისტოს, საღამოს 22:00 სთ-ზე  ოსები სოფელ ავნევის აღებას ზეიმობდნენ. იმავე საღამოს ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება იყო.

8 აგვისტოს დილას რუსეთის პრემიერმინისტრმა – ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა და უკვე ნახევარ საათში რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში შეიჭრა, ორი ბომბი ჩამოაგდო ქარელის პოლიციის შენობასთან, რამდენიმე ბომბი კი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთმა ხმელეთით ე.წ. სამხრეთ ოსეთში 6 ათასი ჯარისკაცი შემოიყვანა და 4 ათასი ჯარისკაცი აფხაზეთში ზღვით, რომლებიც უკვე 10 აგვისტოს, გამთენიისას შეტევისთვის იყვნენ მზად.

12 აგვისტომდე რუსული ჯარი ქართულ სამხედროებს ინტენსიურად უტევდა. მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო საზოგადოება, ისმოდა მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მოსკოვში ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჩავიდა. იმავე დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში – 16 აგვისტოს.

2008 წლის 5-დღიანი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა: დაიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 169 ჯარისკაცია; 1 747 დაიჭრა; 130 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, რომელთაგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი; განადგურდა 53 ქართული სოფელი. რუსეთმა კი დამატებით ხუთი ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია მოახდინა.

2008 წლის მოვლენებს უცხოური მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ. ადგილზე სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო უკრაინული ტელეარხის სამხედრო მიმომხილველი – არკადი ბაბჩენკო, რომელმაც კონფლიქტი ფოტომასალაში ასახა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები