საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის წაგების შემდეგ მამუკა ხაზარაძე პირველ კომენტარს აკეთებს
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის წაგების შემდეგ, მედიასთან ექვსდღიანი დუმილის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანაკლიის პორტის პროექტი მთავრობამ ჩაშალა.
„არ მიიღო სასამართლომ სამწუხაროდ ჩვენი არგუმენტი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით და მთავრობით [ანაკლიის] პორტი ჩაშალა. სახელმწიფო პირველი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ შექმნას სამუშაო ადგილები. „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ადგილები გააქრო, რადგან ჩაშალა ქართული ძალიან დიდი პროექტი – ანაკლია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.