საქართველომ კრივში ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
მოკრივე ლაშა გურული (63,5 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე წარმატებულად ასპარეზობს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მეოთხედფინალში სპორტსმენმა ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის სძლია, ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გამარჯვებით მან ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა.
ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია. ნახევარფინალურ ორთაბრძოლას ქართველი მოკრივე 4 აგვისტოს გამართავს.