თეა წულუკიანმა ქართველ ოლიმპიელ ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს, თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა

თეა წულუკიანი ქართველ ოლიმპიელ ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს, შეხვდა და  თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამორჩეული ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოლიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს. მან პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ისტორიული მედლის მოპოვებამდე სპორტსმენს ერთი ნაბიჯი დააკლდა – მესამე ადგილისთვის შეხვედრა ძიუდოისტმა ფრანგ სარა ლეონი სისიქესთან დათმო.
ეთერ ლიპარტელიანის ორთაბრძოლას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა. მინისტრი ასპარეზობის შემდეგ ქართველ ძიუდოისტს შეხვდა, სპორტსმენი გაამხნევა, თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და ოლიმპიადაზე ქალ-ვაჟთა შერეულ გუნდურ ასპარეზობასა და სხვა ტურნირებზე წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პირველ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრიტანელი ლელე ნაირნი დაამარცხა, მერვედფინალში უზბეკ შუკორჯონ ამინოვას სძლია, მეოთხედფინალი კი ოლიმპიურ ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაინაცვლა და მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოსთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.
ეთერ ლიპარტელიანის ოლიმპიური დებიუტი ტოკიოში გამოსვლა იყო, სადაც, ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ყოფნის მიუხედავად, პარიზის მსგავსად, მან ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა. 24 წლის ასაკში სპორტსმენმა ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში უკვე დიდი კვალი დატოვა.
დღეს ოლიმპიადაზე იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, სამივე ოლიმპიური სინჯის მედლის მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). მან პირველივე შეხვედრა ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დათმო და პარიზის ოლიმპიადას გამეთიშა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში პირველად არის სამი ქალი ძიუდოისტი: ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი. ასევე პირველად საქართველოს ისტორიაში შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები