დღეს ქართველი მომღერლის – რობერტ გოგოლაშვილის იუბილეა
დღეს ქართველი მომღერლის, ლოტბარის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, რობერტ გოგოლაშვილის, იუბილეა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს რობერტ გოგოლაშვილს იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
რობერტ გოგოლაშვილმა 1969 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. იგი მღეროდა სხვადასხვა ხალხურ ანსამბლში. 1976 წლიდან რობერტ გოგოლაშვილი, ძირითადად, მოღვაწეობს როგორც ლოტბარი და დირიჟორი. 1976-1983 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხური სიმღერის ანსამბლ „ფაზისის“ ხელმძღვანელი; გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა ვაჟთა ვოკალურ ანსამბლებს: „თბილისს“ (1980-2010), „ქართულ ხმებს“ (1992 წლიდან, დაარსდა 1985 წელს „ჟურნალისტის“ სახელწოდებით), „უნივერსიტეტს“ (1998-2007), ხალხური სიმღერის ანსამბლ „იმერს“ (2006 წლიდან). ამ ანსამბლების რეპერტუარი მოიცავს უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ქართულ ქალაქურ სიმღერებს, ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებს.
გამოცემულია რობერტ გოგოლაშვილის შესრულებული სიმღერების ფირფიტა-გიგანტი, აუდიოკასეტები და კომპაქტდისკები.
რობერტ გოგოლაშვილს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის საპატიო წოდება მიანიჭა. 1998 წელს იგი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2016 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.