იონათამიშვილი – ტერორიზმის საქმეზე: ფიგურანტთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება
“ჩვენ ვხედავთ, რომ ფიგურანტთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ფართოვდება ის წრე, რომელიც ამ უმძიმესი დანაშაულის მზადებაში სხვადასხვა სტატუსით ფიგურირებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“შესაბამისად, საზოგადოება უფრო მეტად ინტერესდება ამ საქმით, ვინაიდან ტერორისტული აქტის მოწყობა, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
ჩვენ ვხედავთ ამ დანაშაულის მასშტაბურობასაც და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი ფაქტი გახდება ცნობილი”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.