ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) ახალი საბურვლის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება
ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) ახალი საბურვლის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების ზედამხედველობით, ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის სახურავის ქვეშ ცემენტის მოჭიმვის მოხსნა გრძელდება.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავი მოიხსნა. ტაძრის როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ფასადზე ხარაჩო იგება და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.
ასევე, გრძელდება წმ. გიორგის ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპერტები შეძლებენ სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიის შემუშავებას.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.