ჯერაშის კულტურის ფესტივალზე ანსამბლმა „ბათუმმა“ ქართული ტრადიციული ცეკვები წარადგინა

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის 38-ე კულტურის ფესტივალის მეორე დღეს მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ წარდგა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია გააცნო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას იორდანიის კულტურის მინისტრი ჰაიფა ნაჯარი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. დღეს კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ქართულმა ხელოვნებამ მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
ჯერაშის კულტურული ფესტივალი წელს მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს არის იოდანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება, რომელზედაც წარმოდგენილია იორდანული ინტელექტუალური და კულტურული პროგრამა და იორდანული და არაბული პოეზია.
ინფორმაციისთვის: კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა იორდანიაში ვიზიტისას არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. იგი შეხვდა იორდანიის კულტურის მინისტრ ჰაიფა ნაჯარს. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე.
მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტერი მოინახულა და შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – კარაკის ტურიზმის დირექტორატის ხელმძღვანელ საატე ალ-მასაედესა და კარაკში სიძველეთა დეპარტამენტის თანამშრომელს, ბასილ ჰალასას.
მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა წარმატებული მოლაპარაკებებისა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნის შედეგად უკვე მიღწეულია შეთანხმება, ქართულმა მხარემ დააკომპლექტოს ქართველი მეცნიერ-არქეოლოგების გუნდი, რომელიც იორდანიაში გაემგზავრება და იქაურ კოლეგებთან ერთად შეუდგება არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვას.
თეა წულუკიანი არჩილ ძულიაშვილსა და ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად იმყოფებოდა ნებოს (მოსეს) მთაზეც. მინისტრი სასულიერო პირებს შეხვდა და მათთან V საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, მაიუმის ეპისკოპოსის, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი პეტრე იბერის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნებოს (მოსეს) მთაზე წმიდა წინასწარმეტყველის, ებრაელთა წინამძღვრისა და სჯულმდებლის, მოსეს შესახებ ხილვა ეწვია. მას შემდეგ, რაც ხალხმა პეტრე იბერის ხილვა ირწმუნა, ამ ხილვის ადგილზე წმიდა მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი აიგო.
საგულისხმოა, რომ მინისტრთან შეხვედრისას ადგილობრივმა სასულიერო პირებმა გამოთქვეს სურვილი, წმიდა მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში ქართული ტრადიციული გალობისა და მრავალხმიანი სიმღერის კონცერტი გაიმართოს.
თეა წულუკიანი ასევე ესტუმრა ქალაქ მადაბას, სადაც იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის წევრ მაჟდი ალიატუსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს წარმომადგენელს, ვაი ჯანინის შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები