ცნობილი ალპინისტისა და რეჟისორის, რაინჰოლდ მესნერის, მასტერკლასი წარმატებით გაიმართა

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ცნობილი ალპინისტისა და რეჟისორის, რაინჰოლდ მესნერის, მასტერკლასი წარმატებით გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რაინჰოლდ მესნერმა გააერთიანა კულტურისა და სპორტის თემატიკა და ისაუბრა თავის პროფესიულ გამოცდილებაზე. მესნერმა დეტალურად ახსნა ექსტრემალურ პირობებში დოკუმენტური ფილმის გადაღების სპეციფიკა. მან ქართველ და უცხოელ მსმენელს გაუზიარა  ცხოვრებისეული გამოცდილებაც, დაწვრილებით აღწერა მწვერვალების დალაშქვრის პროცესი და მასთან დაკავშირებული ემოციური ფონი. მასტერკლასის დასასრულ მესნერმა უპასუხა თავისი პირადი ცხოვრების, ოჯახის, საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წულუკიძე, ცნობილი მთამსვლელი, „ოქროს წერაყინის” მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი. ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ, გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ფესტივალის მონაწილეები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში უჩვენეს სხვადასხვა ქვეყნის კინონამუშევრები – ჩეხი, სომეხი, თურქი და ესტონელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „პირველი ღამე“, „მჟავე“, „ტრადიცია“ და „შობის დღე“.
სამთო თემატიკის ფილმების საკონკურსო სექცია დაეთმო რუმინულ სრულმეტრაჟიან ფილმ „თავშესაფარს“. საკონკურსო ფილმები შეაფასა ფესტივალის ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ხელოვანებით.
კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით მოკლემეტრაჟიანი და სამთო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 23 ივლისს რაინჰოლდ მესნერის ფილმით გაიხსნა და 27 ივლისს თინათინ ყაჯრიშვილის ოსკარზე ნომინირებული ფილმით „მოქალაქე წმინდანი“ დაიხურება.
წელს ფესტივალის სპეციალური სტუმარია ცნობილი ალპინისტი და რეჟისორი რაინჰოლდ მესნერი, რომელიც მესტიას კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ხათუნა ხუნდაძის, მოწვევით ესტუმრა. მესნერი პირველი მთამსვლელია, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი მარტომ დალაშქრა და ალპინიზმის ისტორიაში პირველად მწვერვალი უჟანგბადოდ დაიპყრო. ალპინისტი წარმატებით საქმიანობს კულტურის სფეროშიც. იგი ავტორია დოკუმენტური ფილმებისა: „ევერესტი“ (2020), „შეუძლებლის დაპყრობა“ (2018), „წმინდა მთა“ (2017), „ნანგა პარბატი – ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მთა“ და სხვ.
შეგახსენებთ: მესტიის ფესტივალი 2021 წელს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან ერთად დააფუძნა რეჟისორმა და პროდიუსერმა ხათუნა ხუნდაძემ.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100064829331496

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები