შარლ მიშელი: ვიქტორ ორბანს არ მიუღია მანდატი, რომ ევროკავშირის სახელით იმოქმედოს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა უკრაინის სამშვიდობო მისია წამოიწყო, რომელიც მოიცავდა მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპთან და რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა არანაირ როლს არ ასრულებს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა წერილში.
ამასთან, მიშელმა უარყო ორბანის მტკიცება, რომ ევროკავშირი უკრაინაში ომის მომხრე პოლიტიკას აწარმოებს.
„ეს სრულიად საპირისპიროა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას“, – წერს მიშელი.
ცნობისთვის, გერმანულმა გამოცემა Bild-მა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორბანმა ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა.