Bloomberg: უკრაინას მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება რუსეთის მონაწილეობით სურს
უკრაინის ხელისუფლებას სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიზნით, აშშ-ის არჩევნებამდე, მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება სურს, ამჯერად რუსეთის მონაწილეობით, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პირველი ასეთი ღონისძიება ივნისში, შვეიცარიაში 90 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. აღნიშნულ ფორუმზე რუსეთი არ იყო მიწვეული.
ამასთან, ზოგმა ქვეყანამ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა, ხოლო კიევის მცდელობა, გლობალური სამხრეთის ქვეყნები გადაებირებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ზოგმა ქვეყანამ უარი განაცხადა და საბოლოო განცხადებას ხელი არ მოაწერა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კიევმა მეორე ფორუმის ჩატარება მიმდინარე წლის ნოემბრამდე გადაწყვიტა, რადგან ის დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივის წინაშე დგას.