ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიას საჩუქრად კარლ ცაისის წარმოების სინათლის პოლარიზებული მიკროსკოპი გადაეცა
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას „Carl Zeiss“-ის წარმომადგენლობისგან კავკასიის რეგიონში საჩუქრად გადაეცა კარლ ცაისის წარმოების სინათლის პოლარიზებული მიკროსკოპი Primotech-ი ინტეგრირებული ვიდეოკამერით.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლელა წიწუაშვილი, კარლ ცაისის ფონდის წარმომადგენელი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ნინო ლომუაშვილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიკროსკოპი მუზეუმის თანამშრომლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს რუტინულ სამუშაოს, ის კომფორტული ხელსაწყოა მკვრივი მასალების შესასწავლად.
„კარლ ცაისის კავკასიის წარმომადგენლობა თითქმის 15 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოში და ამ ხნის მანძილზე მრავალი ინოვაციური და წარმატებული პროექტი განახორციელა მედიცინასა და მეცნიერებაში. კარლ ცაისის წარმოება გამორჩეულია მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს შორის როგორც ინოვაციური და ზუსტი ოპტიკურ-ელექტრონული სისტემების გამომგონებელი და მწარმოებელი. ის ცნობილია თავისი მიკროსკოპებით, ლუპებით, ლინზებითა და სამედიცინო სისტემებით. კარლ ცაისმა შექმნა პირველი მიკროსკოპი და მის კომპანიას, რომელიც 1847 წელს დაარსდა იენაში, დღემდე უკავია გამორჩეული ადგილი როგორც ოპტიკური ინოვაციური ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობებისა და ნახევარგამტარი სისტემების წარმოებაში. რაც შეეხება კარლ ცაისის ფონდს, იგი 1889 წელს შეიქმნა მეცნიერ ერნსტ აბეს მიერ, მისი მიზანია სამეცნიერო კვლევების, განათლებისა და ინოვაციების ხელშეწყობა. ფონდი აფინანსებს უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ პროგრესსა და სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.