ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე სლოგანით „განახლებადი ენერგია ჯანსაღი გარემოსთვის!“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე სლოგანით „განახლებადი ენერგია ჯანსაღი გარემოსთვის!“ აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის სოფელ რაჭისუბანში საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. ერთ-ერთი მეღვინის ვენახში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მეტეოსადგურია დამონტაჟებული, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და 600-მდე სენსორის კონფიგურაციისა და დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია.

დავით შერაზადიშვილი ახალგაზრდებს მდგრადი ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში დღემდე განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, ბოლნისის აგროცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა მინდიაშვილმა კი მოსწავლეებს მეტეოსადგურის ფუნქციები დეტალურად გააცნო.

„ყოველწლიურად ჩვენი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს აქტიურად უერთდება, გამონაკლისი არც წელსაა, ამჯერად კვირეულს სლოგანით „განახლებადი ენერგია ჯანსაღი გარემოსთვის!“ შევუერთდით.

მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან ერთად სოფელ რაჭისუბანში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მეტეოსადგური მოვინახულე, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება უმნიშვნელოვანესია. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები