რა არის მეტაპნევმოვირუსი, რომელიც ახლა დომინანტურია და რა სიმპტომებით ხასიათდება ის – ივანე ჩხაიძის განმარტება

რა არის მეტაპნევმოვირუსი, რომელმაც ამ დროისთვის გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა და ახლა დომინანტურია, რა სიმპტომატიკა ახასიათებს მას – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, სწორედ ამ სეზონისთვის, ზაფხულისთვის დამახასიათებელია. გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება , მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ქვეყანაში ის ახლა სწორედ დომინანტური ვირუსია, 30 %-ზე მეტია. შესაბამისად, ძირითადი და წამყვანი ვირუსი მეტაპნევმოვირუსია.

მეტაპნევმოვირუსი არის ვირუსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა, მან შეიძლება ასევე ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მიმდინარე წლის 25-ე კვირა ამ ვირუსის სიჭარბითაა, ასევე ბევრია ადენოვირუსი. ამ 2 ვირუსს ერთი რამ ახასიათებს: მათ მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ.
ეს არის მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, 37 – 37, 5-ის , მაქსიმუმ 38-ის ფარგლებში, მას არ ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები საავადმყოფოში არ ხვდებიან.
რინოვირუსი, მეტაპნევმოვირუსი, გარკვეულწილად, პარაგრიპის ვირუსი, როგორც აღვნიშნე მსგავსი სიმპტომატიკით ხასიათდებიან: ძირითადად, დამახასიათებელია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, მსუბუქი ყელის ტკივილი, იშვიათი ხველა. ეს მსუბუქად მიმდინარე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკაა. მათ არ სჭირდებათ სპეციფიკური მკურნალობა, ანტივირუსული საშუალებები, კატეგორიულად არ სჭირდებათ ანტიბიოტიკები . ხშირ შემთხვევაში ტემპერატურის დამწევიც არაა საჭირო, ვინაიდან, ტემპერატურა 38,5-მდე იშვიათად ადის. აქ ვლაპარაკობთ მხოლოდ სითხის დამატებით მიწოდებაზე. ესაა წყალი, მინერალური წყალი, ჩაი, კომპოტი, ახლადმომზადებული წვენი, მხედველობაში არ გვაქვს ტკბილი, გაზირებული სასმელები. რაც მთავარია, სჯობს ამ დაავადების დასაწყისში თავი მოვარიდოთ საზოგადოებაში გასვლას, დახურულ სივრცეში ყოფნას, რადგან ყველასთვის ერთნაირად მსუბუქი არაა. მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში, შეიძლება, გარკვეული გართულებები გამოიწვიოს. თუმცა შემთხვევების 95% სერიოზული გართულებების გარეშე მიმდინარეობს”, –განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები