“ძალზედ მნიშვნელოვანია, ქართველი მშრომელების ხმა ყველგან, იმ დარბაზებში, იმ ოთახებში ისმოდეს, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მშრომელების ხმა ყველგან, იმ დარბაზებში, იმ ოთახებში ისმოდეს,სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება” – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა ესთერ ლინჩმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლინჩმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ევროპის პროფკავშირების წევრად გახდომასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მშრომელების ხმა ყველგან, იმ დარბაზებში, იმ ოთახებში ისმოდეს, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება, რაც ქართველ მშრომელებზე, ქართველ დასაქმებულებზე გავლენას იქონიებს. ევროკავშირის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის პროფკავშირების კონფედერაცია მიჩნეულია სწორედ იმ მთავარ ორგანიზაციად, სადაც მშრომელების ხმა ყველა მათთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში უნდა გაისმას. ეს შეეხება ყველა საკითხს, მათ შორის, გენდერული უთანასწორობის საკითხს, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების საკითხს, მინიმალური ხელფასის საკითხს. ანუ, ყველა საკითხი, რომელიც შრომით ურთიერთობებს შეეხება, ამ ორგანიზაციაში წყდება. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქართველი მშრომელები იყვნენ წარმოდგენილები იმ მაგიდის ირგვლივ, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მშრომელებს შორის სოლიდარობაა, მაშინ ხდება სწორედ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათ ხვედრს გააუმჯობესებს. რა უპირატესობა აქვს ევროპის პროფკავშირებში წევრობას? ეს დასაქმებულებისთვის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.
ამ ვიზიტის ფარგლებში ჩემი მიზანი იყო, რომ საქართველოს პროფკავშირებისგან ადგილზე გამეგო, თუ რამდენად შესაბამისობაშია მათი საქმიანობა იმ როლთან, რომელიც ევროპის კავშირში , ევროპის ქვეყნებშია განსაზღვრული , ასევე ის, რომ გარკვეულწილად, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე , რათა მან ის ნაბიჯები გადადგას, რომელიც მშრომელთა უფლებების აღსრულებას უზრუნველყოფს, ეს განსაკუთრებით ხელფასს და პირობებს შეეხება.
მე შევხვდი შრომის მინისტრს, ვისაუბრეთ თემაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მშრომელების მდგომარეობა. მივედით იმ დასკვნამდე და სწორედ ეს იყო მინისტრის მხრიდან გზავნილი, რომ მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის ევროკავშირის ხელშეკრულების ძალით, მხოლოდ სოციალური დიალოგის გზითაა შესაძლებელი. მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით იმ გარემოებას , რომ ამ პროცესში ევროპის პროფკავშირების გაერთიანება შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იყოს, რადგან ამის დიდი გამოცდილება გააჩნია. ასევე მნიშვნელოვანია, ყველანი შევჯერდეთ იმაზე, რომ აუცილებელია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ყოველმხრივ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ იმისთვის, რომ ამ დიალოგის გზით იმ შედეგებს მივაღწიოთ, რომელიც ყველასთვის სასურველია. ბატონი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პროფესიით იურისტია, მეც იურისტი ვარ, საკმაოდ საინტერესო მსჯელობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ძალიან ხანგრძლივი, ამასთანავე საკმაოდ ძვირადღირებული სასამართლო პროცესების გვერდის ავლით მიღწეული იქნას ის შედეგები, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება” – განაცხადა ესთერ ლინჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა ესთერ ლინჩმა ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები