ფანჯიკიძე – ზივზივაძეზე: ეს საოცარი ბიჭი იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი რომაა და იქნებ გავუშვათ კლანჭები, არ დავაკარგინოთ ეს სიკაშკაშე

“ეს საოცარი ბიჭი, გარდა იმისა, რომ გადასარევი ფეხბურთელია, იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი, გამბედავი და ხალასი რომაა და იქნებ გავუშვათ კლანჭები და არ დავაკარგინოთ ეს სიკაშკაშე ჭარბი დადარაჯებით და დაუსაბუთებელი პარანოიდული განწყობებით”, – ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“გაუცნობიერებელი ჟინი, ხელში ჩაიგდო “ლურჯი ფრინველი”, გამოსტაცო თავის ბუნებრივ გარემოს, სამეგობროს, პროფესიას და ჩასვა გალიაში, გააცნობიერო უნდა. თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი. “ნამეტანი სიყვარული” აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება. ყველაფერს ეტყობა, რომ ნაკრების წევრებს ერთმანეთი უყვართ, უყვართ ბუდუ და მას ძალიან აფასებენ. ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი “დაცვის”, ანუ კონტროლის ობიექტად აქციონ, ყველაფერთან ერთად, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება. არც ბუდუა “საწყალი” ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან “ცხვრები”, რომ ერთმანეთი დააჩაგრინონ ვინმეს. მესმის, სინათლის მოხელთება და მისაკუთრება დიდი ცდუნებაა, მაგრამ ეს ცდუნება სხვანაირად დავიკმაყოფილოთ, ამ სინათლეში უბრალოდ ყოფნით, იმდენად, რამდენიც გვეკუთვნის და იმდენად, რამდენის უფლებასაც თავად ბიჭები გვაძლევენ. თუ დავჭირდებით, თვითონ დაგვიძახებს და იცის, რომ ვყავართ”, – წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები