ევროპულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადი მოიხსნა

როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ევროპულ ავტომანქანებზე საბაჟო გადასახადი უკვე გაუქმდა, შესაბამისად, იმპორტიორი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნიდან ავტომანქანის შემოყვანას გადაწყვეტს, ერთ მანქანაზე საშუალოდ, 150-300 ლარს დაზოგავს. საბაჟო გადასახადის გაუქმებით შემოსავალი შეუმცირდება ბიუჯეტსაც, თუმცა უმნიშვნელოდ – ხაზინას ამით ყოველწლიურად მხოლოდ 8-10 მლნ ლარი დააკლდება. რაც შეეხება აქციზის გადასახადს, რომელსაც ავტომანქანის განბაჟების საერთო ღირებულებაში ყველაზე მაღალი წილი უკავია, არ შემცირდება. ამ მხრივ ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება. ევროკავშირის ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომანქანების იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებას ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს ავტომობილებზე მოთხოვნას არ გაზრდის. ამ გადასახადის გაუქმება ავტობიზნესს შვებას ვერ მოჰგვრის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, უფრო კონკრეტულად კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. ავტომობილები კი იმ ჩამონათვალშია, რომელიც შეთანხმების ამოქმედების მომენტიდან საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილების გადასახადი ორი ნაწილისგან შედგება. აქციზის და საბაჟო მოსარკებლისგან. სექტემბრიდან გაუქმებულია მხოლოდ საბაჟო გადასახადი. როგორც ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია ამბობს, საბაჟო გადასახადისგან რომ გათავისუფლდეს, ამისთვის ავტომანქანას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. “ავტომობილის იმპორტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატი EUR.1, ოღონდ ეს ეხება მხოლოდ საბაჟო გადასახადს. აქციზის გადასახადი ჩვეულებრივად რჩება. მის გაუქმებას ასოცირების შეთანხმება არ ითვალისწინებს”, – აცხადებს “ევროჯორჯია.ინფო”-სთან საუბრისას მარიამ გაბუნია. შპს “ომეგა მოტორსი”; “ბეემვესა” და “მინის” მარკის ავტომობილების დილერია საქართველოში. “ომეგა მოტორსის” საბაჟო წარმომადგენელი ლალი გეგეშიძე ამბობს, რომ მისი კომპანია საბაჟო გადასახადის გაუქმების დღიდან საქმის კრუსშია და ევროპელი მომწოდებლებისგან უკვე EUR.1 სერტიფიკატს ითხოვენ. საბაჟო გადასახადის გაუქმებამ, შესაძლოა, გაყიდვის სტიმულირება კარინალურად ვერ შეცვალოს, მაგრამ მომხმარებელსა და კომპანიაზე მაინც დადებითად აისახება. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდის – “მერსედეს 320”-ის მოდელის (ძრავის მოცულობა 3.2, გამოშვების წელი 2000) მაგალითი რომ განვიხილოთ, მისი შეძენის მსურველს 1-ელ სექტემბრამდე ამ ავტომობილის განბაჟებისთვის 2512 ლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც 2240 ლარი აქციზის, ხოლო 272 ლარი საბაჟო გადასახადია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ ქართველი მომხმარებელი 272 ლარით ნაკლებს გადაიხდის. “ბეემვე X5”-ს (ძრავის მოცულობა 4.4, გამოშვების წელი 2000) განბაჟების შემთხვევაში (აქციზის გადასახადი 3 080 ლარი პლუს საბაჟო გადასახადი 374 ლარი) მყიდველი 374 ლარს დაზოგავს, – აღნიშნავს “ევროჯორჯია.ინფო”. საბაჟო გადასახადის გაუქმება არ შეეხება იმპორტირებულ სატვირთო მანქანებს. ამ ტიპის ავტომობილების მთლიანი ფასი დღგ-თი (18%) იბეგრება, ამიტომ საბაჟო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შეღავათი სატვირთოებზე არ ვრცელდება. ყოველწლიურად საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან დაახლოებით 36-37 ათასი მსუბუქი ავტომობილი შემოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს ევროპიდან 36 426 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, საერთო ღირებულებამ 202,5 მლნ დოლარი შეადგინა. 2013 წელს 37 911 ავტომანქანა შემოვიდა, საერთო ღირებულებით 204,6 მლნ დოლარი. რაც შეეხება 2014 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წლეულს 7 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან 91,2 მლნ დოლარის ღირებულების 17 725 ავტომანქანის იმპორტი განხორციელდა. თუ საშუალო მონაცემს ავიღებთ, გამოდის, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმებით ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში მხოლოდ 8-10 მლნ ლარი დააკლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომანქანების იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებას, მართალია, დადებითად აფასებენ ექსპერტები, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს ავტომობილებზე მოთხოვნას არ გაზრდის. “საბაჟო გადასახადის გაუქმება ცალსახად დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ეს დარგს დიდ იმპულსს და ბიძგს ნამდვილად ვერ მისცემს. ავტომანქანა 150 დოლარით ნაკლები ეღირება თუ მეტი, ეს მის რეალიზაციაზე და ბიზნესის გაჯანსაღებაზე ვერ აისახება. ადამიანისთვის, რომელსაც ფული არ აქვს და მანქანას ვერ ყიდულობს, 3000 დოლარი ეღირება მანქანა თუ 3200 დოლარი, მნიშვნელობა არ აქვს. იმისათვის, რომ ეს ბიზნესი გაჯანსაღდეს, ჯერ ხალხს უნდა გაუჩნდეს ფული და გაჩნდეს მოთხოვნა”, – აცხადებს ავტოექსპერტი შალვა ოგბაიძე. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ამბობს, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმებით რაიმე კარდინალური ცვლილება ბაზარზე არ მოხდება, თუმცა მთლიანობაში ეს მანქანებს უმნიშვნელოდ მაინც გააიაფებს. “საბაჟო გადასახადი ბევრი იყო თუ ცოტა, ის ავტომობილის საბაზრო ღირებულებას მაინც ზრდიდა, ზოგ შემთხვევაში ეს გადასახადი იყო 150 ლარი, ზოგ შემთხვევაში კი – 400-450 ლარი. ამიტომ საბაჟო მოსაკრებლის გაუქმება კარგია, ეს მომხმარებლისთვის შეღავათი ნამდვილად იქნება. რაც შეეხება აქციზის გადასახადის ოდენობას, ის დამოკიდებულია ქვეყნის პრიორიტეტსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობა ავტომობილებს არ გააიაფებს, მასზე მოქმედებს მოთხოვნის ზრდა და აქციზის განაკვეთის შემცირება. მთავრობა კი აქციზის გადასახადს არ შეამცირებს, ამის მოლოდინი ნუ გვექნება. მიზეზი ბიუჯეტში არსებული პრობლემებია. იცით, რომ 2013 წელს ბიუჯეტი გაირღვა, წელსაც, სავარაუდოდ, ასე მოხდება. ექსპერტული გათვლებით, მძიმე იქნება 2015-16 წლების ბიუჯეტიც”, – განაცხადა კალანდაძემ. რაც შეეხება ავტომანქანებზე მოთხოვნის გაზრდას, ეს განპირობებულია ზოგადი ეკონომიკური ფონის გაჯანსაღებიდან ან დაბეგვრის რეჟიმის ლიბერალიზაციიდან გამომდინარე. “არც ერთი და არც მეორე მიმართულებით ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს. გადასახადების ლიბერალიზაციას არ ვაპირებთ და უახლოესი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესების პერსპექტივაც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა და იმპორტიორი 200-400 ლარამდე მოსაკრებელს არ გადაიხდის, ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესის მოლოდინი ჯერჯერობოით მაინც ნუ გვექნება”, – დასძინა ლევან კალანდაძემ. წყარო: გაზეთი “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები