ფოტოების სერია „ტყვეები“ – ცხოველების რეალური ცხოვრება ზოოპარკებში

როდესაც ზოოპარკში ფოტოაპარატით მივდივართ, გვინდა, გასაოცარი ცხოველების სილამაზე აღვბეჭდოთ. ჩვენ ვცდილობთ, გადავიღოთ ფოტოები, რომლებზეც არ გამოჩნდება გისოსები; ვცდილობთ, კადრიდან ამოვიღოთ ყველა არასასურველი ელემენტი: ღობე, მოაჯირი, ნაგებობები… ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ფოტოები რაც შეიძლება, მეტად ბუნებრივი გამოჩნდეს. ცხოველების ნამდვილი ცხოვრება ზოოპარკში კანადელმა ფოტოგრაფმა, გასტონ ლაკომბმა ფოტოების სერიაში – „ტყვეები“ – აღბეჭდა.

გასტონ ლაკომბი  5 კონტინენტზე 9 სხვადასხვა ზოოპარკს ეწვია, რათა ადამიანის ტყვეობაში ცხოველების ცხოვრება ეჩვენებინა.

მელია შუშის ღობესთან. თითქოს, წუთი წუთზე გადაახტება მას, რათა თავისი „ციხიდან“ გაიქცეს. 

ეს ვეფხვი ბეტონის ნაგებობებში ისე გამოიყურება, როგორც შეშინებული, უმწეო ცხოველი.

როგორი კარგი პირობებიც არ უნდა ჰქონდეთ შექმნილი ზოოპარკში, ველური ცხოველი მაინც თავისუფლად უნდა ცხოვრობდეს თავისი ბუნებრივ პირობებში.

ყველა ზოოპარკს არ შეუძლია, ისინი შესაბამის პირობებში ამყოფოს. ზოგიერთ ზოოპარკში დიდი ცხოველები პატარა გალიებში არიან ჩაკეტილნი. გასტონი არ ამბობს, კონკრეტულად რომელ ზოოპარკებში აქვს გადაღებული ეს ფოტოები. მისი თქმით ,ყველაზე კარგ ზოოპარკებშიც კი მოიძებნება ცხოველები, რომლებიც შეუსაბამო პირობებში არიან. ფოტოგრაფს ესმის, რომ მისი ფოტოები ვერ შეცვლის სამყაროს და ვერ გააუმჯობესებს ტყვეობაში მყოფი ცხოველების ცხოვრების ხარისხს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ეს ნამუშევრები არსებულ პრობლემებზე ყურადღებას გაგვამახვილებინებს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ზოოპარკები მძულს – პირიქით, მე ისინი ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ვთვლი, რომ ისინი უნდა გაუმჯობესდეს“, – ამბობს ფოტოგრაფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები