დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აქციაში, რომელიც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.
დონაციის პროცესი სისხლის შეგროვების ცენტრმა განახორციელა.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბექა მიქაუტაძის თქმით, ცენტრი უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას უზრუნველყოფს, რომელიც უსასყიდლოდ იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებიც სისხლსა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ.
„14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, თბილისის საკრებულოში დღეს გამართული სისხლის უანგარო დონაციის აქცია სისხლის დონორის მსოფლიო დღეს ეძღვნება და არის დიდი შესაძლებლობა, ერთად გავაკეთოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე, გავცეთ სისხლი მათთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ დონორს, რომლებიც საკუთარი მაგალითით აჩვენებენ რას ნიშნავს ზრუნვა და პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ.
აქციას სისხლის შეგროვების ცენტრის დირექტორი ნინო გოკიელი ესწრებოდა.