ქართული ფესტივალი ლევილის ისტორიულ მამულში კვლავ მრავალფეროვანი ღონისძიებებით გრძელდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება. ლევილის ისტორიული მამული შთამბეჭდავი პირველი ორი საფესტივალო კვირის შემდეგ ღონისძიებების სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა.

შეგახსენებთ, ფესტივალი, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება, ლევილის მამულში მეორედ იმართება.

ქართული ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები 24 მაისიდან 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, გაიმართება. მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

8 ივნისის საფესტივალო პროგრამამ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გააერთიანა: „ჰოროლმა” გამართა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა; საზოგადოების წინაშე წარდგა ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი”; გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გამართა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი” (რეჟ. სოსო ნემსაძე); შეხვედრა გაიმართა ქართველ კარიკატურისტებთან – კემოსთან (ნიკო კემულარია) და ზალიკო სულაკაურთან; ნინო ბახუტაშვილმა და ელენე ბულაშვილმა მასტერკლასი მოაწყვეს ძაფის ბუნებრივი საღებავებით ღებვასა და ფარდაგების ქსოვაში; საზოგადოებას შეხვდა ლიტერატურული პრემიის „ანა” ლაურეატი, პოეტი ირმა ბერიძე; დღე ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „ნართების” (ქართული და ოსური ფოლკლორი) კონცერტით დასრულდა.

ქართული ფესტივალის პირველი საფესტივალო კვირა (24 მაისი – 26 მაისი) შემდეგ ღონისძიებებს მოიცავდა: ლევილის მამულის პარკში სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრები წარადგინეს; საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი; გაიმართა ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის, ჭადრაკის მასტერკლასი ოთხ დაფაზე; კომპანია „ფაფანაკმა” წარმოადგინა ტრადიციული ქართული სამოსი – საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი მრავალფეროვანი მორთულობითა და ატრიბუტიკით; ქართველმა მორაგბეებმა – გიორგი ნემსაძემ, გიორგი მელიქიძემ, სერგი აბრამიშვილმა, ვასილ კაკოვინმა, გიორგი ცუცქირიძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ხარაიშვილმა – ფესტივალის სტუმრებისთვის რაგბის მასტერკლასი ჩაატარეს.

26 მაისი პირველად განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა ლევილში. გამოჩენილი ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი საქართველოს სახელმწიფო კამერულ გუნდთან (დირიჟორი ს. ჯანგულაშვილი) ერთად წარდგა ფესტივალის სტუმრების წინაშე; ჩატარდა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის, ჭადრაკის მასტერკლასი ოთხ დაფაზე; ხის ოსტატებმა – ნინო კოპელაშვილმა (თბილისი) და რესან ჟოჟაძემ (აჭარა) – საზოგადოებას თავიანთი ნამუშევრები წარუდგინეს; ცხინვალის თეატრმა გამართა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური” (რეჟ. გოჩა კაპანაძე). ლევილის ისტორიულ მამულში 26 მაისი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის” კონცერტით დაგვირგვინდა.

მეორე საფესტივალო კვირა ასევე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით იყო დატვირთული: ქართული მრავალხმიანი სიმღერები საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავისა” და ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის” შესრულებით მოისმინა მაყურებელმა; გაიმართა შეხვედრები წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საზოგადოების წინაშე წარდგა ეთნოჯაზბენდი „ირიაო” და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

ქართულ ფესტივალში მონაწილეობენ კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები. ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლე წელს მისი ხანგრძლივობა და მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობაა. ფესტივალში მონაწილეობისთვის ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება სხვადასხვა დროს, ორი თვის მანძილზე. საგულისხმოა, რომ ქართული ფესტივალი ლევილში წელს არაერთ სპორტულ აქტივობას მოიცავს: რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება; ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს (შვიდი სტუდენტი) ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს, რამდენიმე კვირის განმავლობაში,

პირველად უმასპინძლა. სტუდენტები კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციის სტუმრები იყვნენ. ლევილში მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.

ინფორმაციისთვის: ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი”.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები