მეთიუ მილერი მოუწოდებს ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო სამიტში
აშშ მოუწოდებს ჩინეთს, დაესწროს სამშვიდობო სამიტს, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს ამ სამიტში. მათ მონაწილეობა მიიღეს წინა სამიტებში. ვფიქრობთ, რომ მათი ყოფნა სასარგებლო იყო და ვფიქრობთ, მათი ყოფნა აქაც სასარგებლო იქნებოდა“, – აღნიშნა მილერმა.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინმა უნდა გაზარდოს ზეწოლა კომპანიებზე, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ეხმარებიან რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, რაც, მისი თქმით, „კიდევ უფრო მომგებიანი“ იქნება.
ინფორმაციისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეიცარიაში გასამართი გლობალური სამშვიდობო სამიტი არ აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელსაც პეკინი აყენებს მსგავსი ღონისძიებებისთვის, რის გამოც, მას შესაძლოა ქვეყნის წარმომადგენელი არ დაესწროს.