აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს უკანონოდ კვეთენ, თავშესაფარი არ მიიღონ.
ეს ზომები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება.
ამ ზომებით იუსტიციის დეპარტამენტს საშუალება ექნება, უფრო სწრაფად განიხილოს საქმეები, ხოლო შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს შეეძლება იმ პირთა აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაძევება, რომელთაც არ გააჩნიათ კანონიერი საფუძველი, იმყოფებოდნენ ქვეყანაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თეთრი სახლის განმარტებით, ეს ზომები მოიხსნება მას შემდეგ, რაც იმ მიგრანტების რიცხვი, რომლებიც საზღვრებს კვეთენ, კვლავ უსაფრთხო დონემდე შემცირდება და პროცესის მართვა შესაძლებელი გახდება.