უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასა და შვედეთის სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, 2024-2026 წლებში შვედეთი უკრაინას 75 მილიარდი შვედური კრონის (დაახლოებით 6.5 მილიარდი ევრო) სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც წელიწადში, დაახლოებით, 2.2 მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარების ოდენობა გაიზრდება დოკუმენტის მოქმედების ათი წლის განმავლობაში.

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მოიცავს ავიაციას და საჰაერო თავდაცვას, ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, ნაღმების გაწმენდის დახმარებას და უპილოტო საჰაერო ხომალდებს.

განცხადების მიხედვით, შვედეთმა უკვე მიაწოდა და გააგრძელებს უკრაინისთვის Archer-ის საარტილერიო სისტემებისა და CV90 საბრძოლო მანქანების მიწოდებას, რომელთან დაკავშირებითაც პარტნიორები ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებსაც შეისწავლიან.

„შვედეთთან შეთანხმების უნიკალური ნაწილია სპეციალიზებული ASC 890 თვითმფრინავის მიწოდება, ასევე JAS 39 Gripen-ის თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის პერსპექტივა“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, შეთანხმების ცალკეული ბლოკები ეხება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერას, უკრაინისთვის დანაკარგების კომპენსირებას, აგრესორის პასუხისგებაში მიცემას და სანქციებს.

აღსანიშნავია, რომ შვედეთმა ნათლად დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე.

ინფორმაციისთვის – შეთანხმებას ხელი გასულ წელს, 12 ივლისს მიღებული G7-ის ერთობლივი დეკლარაციის შემდეგ მოეწერა.
ჯამში, უკრაინამ 13 ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა: გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, კანადასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ფინეთთან, ლატვიასთან, ესპანეთთან, ბელგიასთან, პორტუგალიასთან და შვედეთთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები