ირაკლი ზარქუა: საქართველოს ბიუჯეტი გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა, როგორ შეიძლება, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო გამჭვირვალე ქვეყნების რიგში უკვე მეორედ იკავებს პირველ ადგილს.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ვინმეს მხრიდან პრეტენზიები არსებობდეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს.
„როგორ შეიძლება, საქართველოს წინააღმდეგ ვინმეს სიტყვა მოუბრუნდეს ან რამეში დაადანაშაულოს? უკვე მეორედ, 125 ქვეყანას შორის საქართველოს ბიუჯეტი გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა. როგორ შეიძლება, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს? რანაირად შეუძლიათ, ენა მოუტრიალდეთ? ვინ მიანიჭა სტატუსი? მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტებმა. ვამაყობ შედეგით, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებთ. გამჭვირვალობაა ევროპა, დაფარულობა – რუსეთი. იმედია, ამაში ევროპაც მხარს დაგვიჭერს“, – განაცხადა ზარქუამ.