რა სარგებელს მოუტანს საქართველოს პრემიერის ვიზიტი გაეროში
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა დაიწყო. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ასამბლეაზე 22 სექტემბერს გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის წინაშე 26 სექტემბერს წარსდგება. პრემიერი გაერო-ს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე – „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე” სიტყვით უკვე გამოვიდა. ასამბლეის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის გაეროს ასამბლეის ფარგლებში შეძენილი კონტაქტები მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე დამკვირდება შეძლოს იმისთვის, რომ უკრაინის მსგავსად დასავლეთისგან ზურგშექცეული არ აღმოჩნდეს.
მიუხედავად ამისა, ექსპერტი თვლის, რომ გაერომ დიდი ხანია მისი ისტორიული მნიშვნელობა დაკარგა და საერთაშორისო პოლიტიკის ბედი მის გარეშე წყდება.
„გაეროს სამიტმა დიდი ხანია მნიშვნელობა დაკარგა. ის არის ფორმალური თანხმობის ორგანო, რომლის გარეშე წყდება საერთაშორისო პოლიტიკის ბედი. მან ძირითადი ფუნქცია, რომ ორგანიზაციის კონსენსუსის გარეშე მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები არ უნდა მომხდარიყო, კარგა ხანია დაკარგა. ერთადერთი მნიშვნელობა რაც ამ სამიტებს აქვს, ეს არის ის, რომ იქ თავს იყრიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, რაც კომუნიკაციის ძალიან კარგი საშუალებაა. სამიტზე ჩასულ ქვეყნის მეთაურს აქვს შანსი, შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელს, მოაგვაროს თავისი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები და აწარმოოს მოლაპარაკებები. საქართველოს ხელისუფლებისთვის კომუნიკაციების დამყარებისა და პირადი კონტაქტების შეძენის თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი წამოიღოს“, – ამბობს ლაგაზიძე.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სამიტზე გამგზავრების სურვილი, რამაც საბოლოოდ დაპირისპირება გამოიწვია, სწორედ გაეროს ასამბლეის აღნიშნული მნიშვნელობიდან გამომდინარეობდა.
ლაგაზიძის თქმით, პრეზიდენტისა და პრემიერისთვის გაეროში შეძენილი კონტაქტები პოლიტიკური მომავლის განსაზღვირისთვის მნიშვნელოვანია.
„როგორც ერთისთვის ისე მეორესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონტაქტები, რომლებიც გაეროს სამიტის ფარგლებში შეიძლება მოეპოვებინათ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ხელისუფლებისთვის და ამ ორი პოლიტიკური ფიგურის პოლიტიკური მომავლისთვის, რადგან მათი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიონობისა და ეფექტურობისთვის შიდა მხარდაჭერაზე არანაკლებად მნიშვნელოვანია საგარეო მხარდაჭერაც. ამის უზრუნველყოფისთვის კი აუცილებელია ასეთი ტიპის კონტაქტები“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, პრემიერი ღარიბაშვილი გაერო-ს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე სიტყვით უკვე გამოვიდა.
დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, მისი გამოსვლა არ ჰგავდა იმ სპექტაკლებს, რომლებიც გვინახავს. მისი შეფასებით, პრემიერის გამოსვლა საქმიანი იყო.
“პრემიერის მიერ დასმული ყველა აქცენტი იყო ის, რაც შეთანხმებული და გააზრებულია საქართველოში. ეს იყო ძალიან კარგი და საქმიანი გამოსვლა. იგი არ ჰგავდა იმ სპექტაკლებს, რომელიც გვინახავს. შეიძლება ვინმეს უფრო სპექტაკლი მოსწონს, მაგრამ მე უფრო საქმიანი გამოსვლები მომწონს. პრემიერ-მინისტრს აშკარად ეტყობოდა, რომ კარგად მომზადებული იყო”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.