ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის მოსმენები დასრულდა

ნიუ იორკის სასამართლოში ტრამპის საქმეზე ექვსკვირიანი მოსმენა დასრულდა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ტრამპის ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაზე საუბრობენ.

კერძოდ, ექსპრეზიდენტს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.

ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის პროცესის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, მოსამართლე ხუან მერჩანი სასჯელის გამოცხადებისთვის ცალკე დღეს დანიშნავს.

აღსანიშნავია, რომ თუ ტრამპი დამნაშავედ დადგინდა, მას მრავალი 136 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პირობითი ან ჯარიმა.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მსაჯულებმა 20-ზე მეტი მოწმის ჩვენება მოისმინეს, მათ შორის ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენისა და თავად პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსის.

მაიკლ კოენის თქმით, ტრამპმა მას მსახიობისთვის პირადი სახსრებიდან დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდა დაავალა და მოგვიანებით მის დაბრუნებას დაჰპირდა.
კოენის თქმით, მან შტორმი დენიელსს 130 ათასი დოლარი საკუთარი სახსრებით გადაუხადა და ტრამპს აცნობა, რომ მისი დავალება შესრულებულია, თუმცა შემდეგ ტრამპისგან ამ თანხის მიღებას ეტაპობრივად, საადვოკატო ხარჯებში გაწერით დაჰპირდნენ.
როგორც პროკურორები ირწმუნებიან, აღნიშნული თანხის დაბრუნებისას, 2015-2017 წლებში 34-ჯერ მოხდა ფინანსური დოკუმენტების გაყალბება. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ „დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდა“ უკანონობას არ წარმოადგენს და მხოლოდ ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაა დანაშაული.

გამოძიება ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დონალდ ტრამპი თავიდანვე მოვლენების საქმის კურსში იმყოფებოდა, ხოლო ტრამპის უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ მსახიობისთვის თანხის გადახდა ოჯახური რეპუტაციის დაცვას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტი საერთოდ უარყოფს რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე როგორც დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები