“უნდა ველოდოთ, რომ მაქსიმუმ საშუალოვადიან პერიოდში სავსებით შესაძლებელია, ლარმა დასტაბილურება დაიწყოს” – ოთარ ანგურიძე

“თუ ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას აჟოტაჟზე გადავიტანთ, უნდა ველოდოთ, რომ მაქსიმუმ საშუალოვადიან პერიოდში სავსებით შესაძლებელია, ლარმა დასტაბილურება დაიწყოს” – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგურიძის თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც შეიძლება ლარის გაუფსურებაზე ობიექტური გავლენა მოახდინოს, არ არსებობს.

“ზოგადად, რაც ლარის გაუფსურებაზე მოქმედებს ხოლმე არის ის, რომ ქვეყანაში ერთი მხრივ ან მაკროეკონომიკური ფაქტორებია გაუარესებისკენ, ან მეორე მხრივ საერთაშორისო წყაროებიდან ნაკადების შემოდინება შემცირებულია(მათ შორის ინვესტიციები, ტურიზმი, გზავნილები და ა.შ). ყველა კომპონენტში, პრაკტიკულად, გაუმჯობესებული მაჩვენებლებია, მათ შორის, მაკროეკონომიკურ ნაწილში. როდესაც ვხედავთ, რომ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს,საგადასახადო თვალსაზრისით ბიუჯეტში კარგი შემოდინებებია, ინვესტიციებიც გაზრდილია, ტურიზმიც რეკორდულ მაჩვენებლებზე გავიდა, გზავნილებიც საკმაოდ კარგია, ექსპორტიც მაღალ მაჩვენებლებზეა – ეს ყველაფერი იმის დასკვნის საფუძველს გვაძლევს, რომ რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი ლარის გაუფასურებაში არ უნდა არსებობდეს. ვნახეთ 2 კვირის წინ, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ თითქოსდა “საქართველოს ბანკის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემოდა , ეს აუცილებლად ლარის გაუფასურებას გამოიწვევდა. ამ აჟიოტაჟმა მოსახლეობაზე ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა, პანიკა გამოიწვია, რამაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გააჩინა. საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურება მოხდა. მაშინ ეროვნული ბანკის რეაგირება ვნახეთ, როდესაც 60 მილიონი გამოიტანა, თუმცა გაუფასურება მაინც მაღალი იყო და 8-9 თეთრის დიაპაზონში ფიქსირდებოდა. ამ 60-მა მილიონმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკას მიაწოდა, გარკვეული სახის დამამშვიდებელი ეფექტი იქონია, რადგან ამ 2 კვირის განმავლობაში ლარი ერთ ნიშნულზე გაჩერდა და გაუფასურება აღარ დაიწყო. გუშინ რაც მოხდა, ეროვნულ ბანკს მეორედ რომ დასჭირდა 60 მილიონის გამოტანა, ამას აჟიოტაჟის მეორე ტალღას დავაბრალებდი. იყო პოსტები, რომ თითქოს რეზერვებთან დაკავშირებით პრობლემებია. ამანაც მოსახლეობაში, ბიზნესწრეებში ნეგატიური ეფექტი გამოიწვია, დოლარზე მოკლევადიანი გადაჭარბებული მოთხოვნა გააჩინა. ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი მეორედაც გამოიტანა, წინა შემეთხვევისგან განსხვავებით 48 მილიონზე ცოტა მეტი გაიყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ტალღა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მეორე. ვფიქრობ, ეს პროცესები ჩაცხრება, აჟიოტაჟებს ყოველთვის მოკლევადიანი რყევები ახასიათებს. შემდეგ გარკვეული სახის დასტაბილურება ხდება, მერე კი გამყარებისკენ მიდის ხოლმე.
ვვარაუდობ, დასტაბილურებას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს. პირველმა ტალღამ 2 კვირას გასტანა, ახლა შედარებით მსუბუქი ტალღაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციების მსვლელობა პრაქტიკულად ამოიწურა, ტალღა შენელდა, ისეთი აქტივობა აღარაა, როგორიც 2 კვირის , 1 თვის წინ იყო, რესურსი იმისა, რომ აჟიოტაჟი კიდევ აგორდეს და მძლავრი იყოს, არ არსებობს.
ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც შეიძლება ლარის გაუფასურებაზე ობიექტური გავლენა მოახდინოს, არ არსებობს. თუ ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ამ აჟიოტაჟზე გადავიტანთ, უნდა ველოდოთ, რომ მაქსიმუმ საშუალოვადიან პერიოდში სავსებით შესაძლებელია, ლარმა დასტაბილურება დაიწყოს” – განაცხადა ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები