გიორგი აბაშიშვილი: “ზაფხულის პერიოდში, ყველა ზოგადი ფაქტორით, ლარის კურსის გამყარებაა მოსალოდნელი”

“მაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის პერიოდში, ყველა ზოგადი ფაქტორით, ლარის კურსის გამყარებაა მოსალოდნელი ” – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა , ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლარის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული.

“გუშინ ეროვნულ ბანკს უნდოდა არა 48 700 000 მლნ აშშ დოლარის , არამედ 60-ის გაყიდვა. მიწოდება მეტი იყო, ეროვნული ბანკი კი მზად იყო მეტიც გაეყიდა, მაგრამ ბაზარმა ვერ აითვისა.
ახლა ლარის კურსზე გადავალ. გვაინტერესებს, თუ 60 მილიონი გამოიტანა, რატომ ვერ გაიყიდა? თუ ვამბობთ, რომ კურსი ზემოთ გავარდა, მეორე მხრივ გამოჩნდა, რომ ეს წმინდა პანიკური ნაწილია. რეალური საჭიროება კი არ არსებობდა. ეს იყო პანიკით გამოწვეული ვითარება. რაც კი აქამდე შეიძლებოდა გემტკიცებინა, გუშინ ფაქტით დადასტურდა. ფიზიკურად არსებობდა დოლარი , რომელიც ბაზარს მიეწოდა, მაგრამ ვერ გაიყიდა. თუ სადმე დოლარის დეფიციტია, რატომ არ გაიყიდა? რასაც ვამბობთ ხოლმე ზუსტად: “გაუფასურება” ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული. რა არის ფუნდამენტური ფაქტორები: წმინდა ექსპორტი, ინვესტიციები, გადმორიცხვები, ფულადი გზავნილები. თუ ამ 4 ფაქტორში გარღვევაა,მაშინ კურსის ვარდნა ხდება. თუ ეს უბრალოდ პანიკურია, არცერთი ფაქტორი არ იცვლება, უბრალოდ მოლოდინებზეა: რა იქნება, წავიდე ვიყიდო.
არსებული მერყეობა წმინდად არის სპეკულაციური , პანიკური. მას ფუნდამენტურ ფაქტორებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით არარეალური, არაწონასწორულია. ის წონასწორულ მაჩვენებელს აუცილებლად დაუბრუნდება. კითხვა ჩნდება, როდის? როდესაც ვალუტის მცურავი კურსი არსებობს, ამის გამოცნობას თუ ვინმე შეძლებს, ან დაუყოვნებლივ მრავალი მილიონის პატრონი გახდება, პირობითად ვამბობ, ან წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს , მაგრამ სავალუტო ოპერაციებით ვაჭრობა ეკრძალება. შეუძლებელია ეს თქვა. ნებისმიერ შემთხვევაში, პრაქტიკაში არის ასეთი “ქეისი”, პანიკური და სპეკულაციური ოპერაციები ბაზარზე უფრო სწრაფად რეაგირებს, ვიდრე შემდეგ ბაზარს დაწყნარებისთვის დრო სჭირდება.
ჩემი პირადი პროგნოზი მინდა, ვთქვა: მაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის პერიოდში, ყველა ზოგადი ფაქტორით, ლარის კურსის გამყარებაა მოსალოდნელი. სტანდარტულად ამ პერიდოში ასეც ხდება ხოლმე. 4 ფაქტორი ჩამოვთვალე. აქედან წმინდა ექსპორტი, წესით, იზრდება ხოლმე გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის პერიოდში იმპორტი მცირდება, ბაზარზე ადგილობრივი წარმოების მიწოდება ხდება. ეს განსაკუთრებით სასურსათო პროდუქციას შეეხება, იმპორტის წილი ამ მხრივ მცირდება, ანუ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება მცირდება. ტურიზმი – სხვა თანაბარ პირობებში ეს პერიოდი ტურისტების ზრდის პერიოდია. ფულადი სახსრები დამატებით შემოვა. მინიმუმ 2 ფუნდამენტური ფაქტორი ყველა ტიპის პროგნოზით კურსის გამყარებაზე პოზიტიურად ზემოქმედია” – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები