მეთიუ მილერი: უკრაინას შეერთებულ შტატებზე უფრო დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს

უკრაინას შეერთებულ შტატებზე უფრო დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მეთიუ მილერმა აღნიშნა, შეერთებული შტატები არ ცვლის პოზიციას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, მე გასულ კვირასაც ვისაუბრე, ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ არ წავახალისოთ ან არ დავუშვათ დარტყმების განხორციელება უკრაინის საზღვრებს გარეთ, თუმცა თუ გადახედავთ ჩვენი პოლიტიკის ფართო სპექტრს, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ უკრაინას არ ჰყავს აშშ-ზე დიდი მხარდამჭერი. ჩვენ ამას უბრალოდ არ ვამბობთ. ჩვენ ამას ვამტკიცებთ ჩვენი სამხედრო დახმარებით“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

მილერის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციაში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, იყოს ლიდერი.

ამასთან, მსგავს განცხადებას პენტაგონის სპიკერი, საბრინა სინგმაც ავრცელებს, მისი მოსაზრებით, უკრაინამ არ უნდა გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმისთვის.

“ჩვენ მივეცით მათ ბევრი შესაძლებლობა – არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია წარმატებული იყოს ბრძოლის ველზე”, – დასძინა მან.

ინფორმაციისთვს, ნატო-ს რამდენიმე ქვეყანა ფიქრობს, რომ უკრაინას დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოყენების საშუალება უნდა მიეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები