გიორგი ცუცქირიძე: პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის წინ, პოლიტიკური ვექტორის ახალი მიმართულება ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე სპეკულაციები გახდა

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის წინ, როგორც ჩანს პოლიტიკური ვექტორის ახალი მიმართულება ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე სპეკულაციები გახდა, ტირაჟირდება ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრებები თითქოსდა ქვეყანა კოლაფსის წინაშე იდგას და სავალუტო რეზერვები მცირდებოდეს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, გასულ წელთან შედარებით არც გლობალური ბაზრების რისკებია გაზრდილი და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალ, 7.8 პროცენტიან მაჩვენებელზე იყო.

„პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის წინ, როგორც ჩანს პოლიტიკური ვექტორის ახალი მიმართულება ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე სპეკულაციები გახდა, ტირაჟირდება ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრებები თითქოსდა ქვეყანა კოლაფსის წინაშე იდგას და სავალუტო რეზერვები მცირდებოდეს.

ზოგადად, სავალუტო რეზერვების ზრდა ან შემცირება გარკვეულ კონტექსტში თუ არ იქნა განხილული დასკვნებიც სუბიექტური იქნება. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 2024 აპრილის ბოლო მდგომარეობით 4.8 მლრ აშშ დოლარს შეადგენს. ცნობილია, რომ რეზერვების შემცირების ფაქტორად  ბიუჯეტის კონსოლიდაცია მიიჩნევა, თუმცა მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში რამდენად არის სებ-ი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული და რამდენად ახდენს გაცვლით კურსზე ზეგავლენას. აქვე დავკონკრეტდები, რომ მხოლოდ წლის დასაწყისიდან B MATCH პლატფორმით ეროვნულმა ბანკმა 286.6 მილიონი დოლარი შეიძინა ბაზრიდან, მაშინ როცა თუ რეზერვების შემცირებაზეა აქცენტები, მიმდინარე წელს მხოლოდ ერთხელ, სავალუტო აუქციონის გზით 60 მილიონი მიეწოდა ბაზარს ცოტა ხნის წინ ხელოვნური აჟიოტაჟის ჩასაცხრობად და რასაც სავსებით სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნევ.

აღსანიშნავია, რომ სსფ-ს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მოცულობის ადეკვატური დონის პროგნოზი მზარდია.

ახლა რაც შეეხება 2023 წლის სსფ-ს რეზერვების ადეკვატურობის განახლებულ შეფასებას, რაზეც ხდება სპეკულაციები. მართალია, სსფ-ს მიერ მარტში გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით რეზერვები შემცირების მიმართულებით გადაიხედა, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი გარკვეული სტატისტიკური მონაცემების დაზუსტებაა. რეზერვების ადეკვატურობის შეფასების კომპონენტები არა ზოგადი ციფრები, არამედ საგადამხდელო ბალანსის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც მაგალითად საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის მონაცემებით მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, რაც შესაბამისად ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით უფრო მაღალი რეზერვების ფლობას საჭიროებს და გასაკვირი სულაც არ არის, რომ ფაქტობრივი რეზერვების ადეკვატურ დონესთან ფარდობა შეამცირა.

მაკროეკონომიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, რამაც შეიძლება ასახვა ჰპოვოს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, რეზერვების შემცირება ატარებს საგარეო მოწყვლადობის რისკებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში თუ გლობალურ ბაზრებზე საფინანსო ან სავალუტო კრიზისებია მოსალოდნელი ან ეკონომიკის ზრდის ტემპების მკვეთრი შენელება ხდება. გასულ წელთან შედარებით არც გლობალური ბაზრების რისკებია გაზრდილი და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალ, 7.8 პროცენტიან მაჩვენებელზე იყო. ამასთან, აპრილში ყველა პარამეტრით ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა.

ყველაფერი კარგად იქნება!

ოქტომბერიც მალე მოვა!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები