შსს რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.

სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები