ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – შალვა დადიანის დაბადებიდან 150 წელი გავიდა
გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – შალვა დადიანის დაბადებიდან 150 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს შალვა დადიანის გამორჩეულ ღვაწლს ქართული კულტურის ისტორიაში.
შალვა დადიანი მდიდარი ბიოგრაფიით გამორჩეული მრავალმხრივი მოღვაწეა: პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მსახიობი, რეჟისორი…
მამა – ნიკოლოზ დადიანი, სამეგრელოს მთავრის შთამომავალი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე; დედა – ლიდა წულუკიძე, მწიგნობრობით განთქმული ქალბატონი. დედით ადრე დაობლდა. მამამ სკოლაში არ შეიყვანა, რითაც პროტესტი გამოუცხადა იმდროინდელ განათლების სისტემაში გამეფებულ რუსიფიკატორულ პოლიტიკას. განათლება შინ მიწვეული მასწავლებლებისაგან მიიღო. რადგან სასკოლო ატესტატი არ ჰქონდა, მოსკოვის უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს.
ლიტერატურული მოღვაწეობა: თორმეტი წლის ასაკიდან რედაქტორობდა საკუთარ ხელნაწერ ჟურნალს, რომელსაც „მოზარდი“ ერქვა. ექვსი წლის განმავლობაში ოთხმოცამდე ნომერი დაუგროვდა. თვრამეტი წლისამ გამოსცა ლექსების პირველი კრებული „ნაპერწკალი“. ოცდაორი წლისა იყო, როცა ილიას „ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი მოთხრობა „წმინდა ცრემლები“. საქართველოში ტრაგედიის ჟანრის აღორძინების წარმატებული ცდა იყო მისი პიესა „თეთნულდი“. საბჭოთა ეპოქის ქართულ ლიტერატურაში პირველი ისტორიული რომანია შალვა დადიანის „უბედური რუსი“, რომელსაც, ცენზურის მოთხოვნით, სათაური შეუცვალეს და „გიორგი რუსი“ უწოდეს. განსაკუთრებული წარმატება ხვდა პიესას „გუშინდელნი“, რომელიც 1972 წელს რუსთაველის თეატრში რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ ორიგინალური ინტერპრეტაციით წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ დრამატურგიული ოსტატობით გამორჩეული ეს ნაწარმოები აქტუალურობას კვლავაც ინარჩუნებს და მის მიმართ ინტერესი ქართულ თეატრს დღემდე არ განელებია.
ქართული მემუარული ლიტერატურის „ოქროს ფონდს“ მიეკუთვნება შალვა დადიანის მოგონებათა წიგნი „რაც გამახსენდა“.
თეატრალური მოღვაწეობა: კოტე მესხმა ჯერ კიდევ 1893 წელს მიიწვია ქუთაისის თეატრში, სადაც სპექტაკლში „მარგარიტა გოტიე“ ეპიზოდური როლი ითამაშა. 1903 წელს მოსკოვში ჩასული, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში არ მიიღეს, იქ ორი წელი მაინც დარჩა. კარგად გაეცნო იქაურ თეატრალურ ცხოვრებას. წერდა რეცენზიებს და საქართველოში გზავნიდა.
1905 წელს თბილისში დაბრუნდა და ვალერიან გუნიას დასში ჩაირიცხა.
1907 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილთან ერთად სათავეში ჩაუდგა ქუთაისის თეატრს, სადაც დადგა არაერთი სპექტაკლი, მათ შორის – „სამშობლო“.
1908 წელს შექმნა „მოგზაური დასი“, რომლითაც ჯერ მთელი საქართველო შემოიარა, მერე კი სპექტაკლები ბაქოსა და ნოვოროსიისკშიც დადგეს.
30 წლის განმავლობაში 300-ამდე როლი განასახიერა, მათ შორის: ოთარ-ბეგი („ღალატი“), შაჰ აბასი („ქეთევან წამებული“), კარლ მოორი („ყაჩაღები“), სვიმონ ლიონიძე („სამშობლო“).
1923 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
საზოგადო მოღვაწეობა: ხელმძღვანელობდა მსახიობთა კავშირს. 1950-1959 წლებში იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.
შალვა დადიანი გარდაიცვალა 1959 წლის 15 მარტს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.