საფრანგეთში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მას შემდეგ, რაც პროკურორმა ქარიმ ნანმა სასამართლოს ისრაელის და “ჰამასის” ლიდერების დაკავების ორდერები ერთდროულად მოითხოვა.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საფრანგეთმა დაგმო ანტისემიტური მასობრივი მკვლელობები, რომლებიც “ჰამასმა” ჩაიდინა. ასევე აღნიშნეს, რომ ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას წინასასამართლო პალატა მიიღებს მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ.
“საფრანგეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და უკანონობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ვითარებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰააგის სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა, ქარიმ ხანმა სასამართლოს წინასასამართლო პალატას იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფის, ისმაილ ჰანიეს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემისთვის მიმართა.
საკითხს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები.
„მე ვითვალისწინებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას, მიმართოს ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატას იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფის, ისმაილ ჰანიეს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერისთვის. ჰააგის სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტის მანდატი არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველაზე მძიმე დანაშაულებების დევნა. ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის განწყობას არ იზიარებენ შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, “რასაც უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არ არსებობს ტოლობის ნიშანი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით მისი უსაფრთხოების დაცვაში“.
გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ “ჰამასის” ლიდერების და ორი ისრაელელი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერის ერთდროული გაცემა ყალბ წარმოდგენებს ქმნის”. უწყების თქმითვე, “ჰამასის” ლიდერები პასუხისმგებელნი არიან ბარბაროსულ ხოცვა-ჟლეტაზე, რომლის დროს 2023 წლის 7 ოქტომბერს სასტიკად იყვნენ მოკლული, გაუპატიურებული და გატაცებული ბავშვები, ქალები და მამაკაცები. “ჰამასს” ისრაელელი მძევლები გაუსაძლის პირობებში ჰყავს, მას იერიშები მიაქვს ისრაელის მიმართულებით, იყენებს ღაზის მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს.
რაც შეეხება ისრაელს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ეს არის მიმართული ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გმირულად იბრძვიან „ჰამასის“ ამაზრზენი მკვლელების წინააღმდეგ. როგორ ბედავთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან?! როგორ ადარებთ „ჰამასს“, რომელმაც მოკლა, დაწვა, დახოცა, გააუპატიურა და გაიტაცა ჩვენი ძმები და დები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიან ომში და რომლებიც უბადლოები არიან თავიანთი მორალით?!“.
მისი თქმით, ეს არის „ახალი ანტისემიტიზმის“ მაგალითი, რომელიც კოლეჯების კამპუსებიდან ჰააგაში გადავიდა.