ხმაური ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესი კამათით დაიწყო. კამათი მოწმეთა სიაში გიორგი ონიანის მოხვედრამ გამოიწვია. თავდაპირველად პროკურატურამ ეს ფაქტი გააპროტესტა. როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, გიორგი ონიანი ბაჩო ახალაიას საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში მისი დამცველი იყო, რის გამოც მას ჰქონდა ვალდებულება, რომ აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია არ გაემჟღავნებინა. თავის მხრივ, დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურას არანაირი საფუძველი იმისა, გიორგი ონიანის აცილება მოეთხოვა, არ ჰქონდა. ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართოლს მოსამართლემ ბრალდების მხარეს მიმართა, რომ მათი შუამდგომლობით დაეყენებინათ ონიანის აცილების საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლიდა, ონიანს დასაკითხთა სიიდან ამოიღებდნენ.
მცირე განხილვის შემდეგ მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა განახლდება. ამ საქმეში ბრალდებულები არიან ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტოს მაღალჩინოსნები: ლევან და მეგის ქარდავები და გიორგი მაზმიშვილი. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაჰკითხავენ. სასამართლოს ამ დროისთვის დაცვის მხარის 30-მდე მოწმე ჰყავს დაკითხული. ასევე დაგეგმილია 29 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დათა ახალაიას დისტანციური დაკითხვა.