სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ეკა კვესიტაძეს მიმართავს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის მეშვეობით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გადაცემას “განსხვავებულ აქცენტებს” ეხმაურება. თალაკვაძე გადაცემის ავტორს, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს მიმართავს და გადაცემაში გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
„ჟურნალისტების კეთილშობილების მჯერა და მედიის ფასეულობებიც მწამს. ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი ცოდნის და კომპეტენციის ფარგლებში თქვენს გადაცემაზე გიპასუხოთ.
1. ე.წ. “რეზბალნიცა”, რომელიც თქვენს გადაცემაში საკონფერენციო სივრცედ არის აღწერილი, 2013 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე დახურული იყო კაპიტალურ რემონტზე. 2014 წლის 1 ივლისიდან ის აღარ არის “რეზბალნიცა”, არამედ სამოქალაქო სტანდარტით ლიცენზირებული “ცენტრალური საავადმყოფოა”, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და პაციენტის დაყოვნება მასში 5.6 დღეა.
2. მსჯავრდებულები, რომელიც თქვენს გადაცემაში “რეზბალნიცაზე” იმყოფებიან და კონფერენციებს ხელმძღვანელობენ, სინამდვილეში იქ არ იმყოფებიან. სიმართლე: როცა სისტემა ჩავიბარეთ რეფორმისთვის, ერთ-ერთი მათგანი იქ დაგვხვდა “მუდმივად შესახლების” სტატუსით და სათანადო მკურნალობის შემდეგ მალევე გავწერეთ. მეორე კი 3 წლის განმავლობაში დღეის ჩათვლით, იქ არასოდეს ყოფილა. მზად ვარ, დღესვე დაგპატიჟოთ ამ დაწესებულებაში, ყველა პალატა და ასევე პაციენტთა სარეგისტრაციო მონაცემები დაგათვალიერებინოთ (დიაგნოზების გარეშე), რომ თავად დარწმუნდეთ ამაში.
3. საკნებში გადაღებული კადრები, რომელიც თქვენი გადაცემისთვის გამოიყენეთ, 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია youtube-ზე ატვირთული, ხელისუფლება კი 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. შესაბამისად, იმ კადრების “ზედდება” ახლანდელი ადმინისტრაციის კრიტიკისთვის განკუთვნილ გადაცემაზე, რომელიც მის პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ უკავშირდება – ერთგვარი სპეც-ეფექტი მგონია, რომელიც, როგორც მინიმუმ, მედიაში “ხარისხის კონტროლის” (Q – კ.ჟ. ბერტრანი) პრინციპებს ეწინააღმდეგება. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ასევე გამიჩნდებოდა კითხვა, როგორ მოახერხეს მაგ კადრებში აღწერილმა პატიმრებმა ერთად შეკრება წინა წლების მკაცრი რეჟიმის პირობებში?
4. გზავნილების ირიბი წახალისება თქვენს გადაცემაში, სადაც ტელემაყურებლებს ეუბნებიან, რომ “დამნაშავეებს ასეთი ციხეების აღარ ეშინიათ”, ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით ვფიქრობ, შეიცავს ფარულ მოწოდებას მოქალაქეებისადმი და იმ 4000-ზე მეტი თანამშრომლისადმი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობს, რომ მხოლოდ ძალადობით და რეპრესიებით არის შესაძლებელი “ციხეების მართვა”, რადგან თქვენს გადაცემაში სხვა ალტერნატივა არ გაგიშუქებიათ და არც შეგიდარებიათ აქვს თუ არა საქართველოს დღეს ეს ალტერნატივები საკუთარ სისტემაში.
5. ასევე ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც თქვენს გადაცემაში ახსენეთ, სხვა პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო, წელიწადზე მეტია ტუბერკულოზის ცენტრიდან გადაყვანილია სხვა მკაცრი რეჟიმის ციხეში, რის გამოც მივიღეთ ბევრი კრიტიკა (როგორ შეიძლება ავადმყოფის გადაყვანა მკაცრ პირობებში?!) და მოგვიხდა მთელი სამკურნალო კომპონენტების და პერსონალის დამატება იქ, სადაც გადავიყვანეთ.
6. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს რასაკვირველია, თუმცა შეძლებისდაგვარად არა ძალის გადამეტებით, რადგან თქვენც და მეც მომსწრენი ვართ, რომ ცემა-წამება-დამცირება ძალიან იაფი ჯდება, თუმცა მკურნალობა-რეაბილიტაცია-სამართლებრივი შედეგები ძალიან ძვირი. რა გაკეთდა და რას ვაკეთებთ, ვეცდებით უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ შემდეგ თვეებში“, – წერს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები