ირაკლი ზარქუა: გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი – მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, დაიბაროს ლიეტუვის ელჩი

“რაც გუშინ ვნახეთ, არის ის, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, ზარქუამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომ დაიბაროს ლიეტუვის ელჩი და მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა ქართველი სამართალდამცავის მიმართ გააკეთა.

„გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები როგორ ცდილობენ, რომ ის ღირებულება, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს დაუკარგონ. არის გონივრული ეჭვი, რომ გუშინ მიიღეს ახალი მესიჯი, სავარაუდოდ, დაწერილი იყო, ყველა კითხულობდა, როგორც ადრე ვნახეთ, ხომ გაირკვა, რომ წერილსაც უწერენ ის ლობისტური კომპანიები. კუბილიუსი, ფოტიგა და ა.შ. ერთი მეორეს მიყოლებით ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი სამუშაო ვითარებაა, რომ კანონები მივიღოთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამის გამო გვკიცხავენ და სანქცირებაზეც იყო საუბარი. რაც გუშინ ვნახეთ არის ის, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი. მე მგონია, რომ არჩევნების შემდეგ, რაც არის, ვერც კუბილიუსებს ვნახავთ იქ, ვერც ფოტიგებს და ვერც ქალბატონ ვიოლას. ის რომ გაშიფრეს, “ფეესბეს” აგენტს, რომ ხვდებოდით, მაგაზე პასუხი არ მიგვიღია. რა გაკავშირებს ევროპარლამენტარს “ფეესბეს” აგენტთან, სადაც გადაგიღეს და ფოტოებიც იყო წარმოდგენილი. ასე რომ, მათი სახით ჩვენ დავინახეთ მწვალებელთა პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს ყველა ამთავრებდა “თავისუფლება პოლიტპატიმარსო”. ვინ არის პოლიტპატიმარი? სააკაშვილი? აბა, ვკლავდით და ვწამლავდით? ჩვენ გპასუხობდით, რომ ის კონკრეტულ დანაშაულზე იხდის სასჯელს. იკვებოს და კარგად გახდება – აღმოვჩნდით თუ არა მართლები?!

მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, დაიბაროს ლიეტუვის ელჩი და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავის მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა გუშინ განაცხადა: “მივმართავ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შემოიღონ წერტილოვანი სანქციები ქართველი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნას ახორციელებენ. კერძოდ კი, ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები