“ამ ომს სახელი დაერქვა, ფრონტის ხაზიც გავლებულია, მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც განსაზღვრულია” – კასრელიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება

“ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში პროგნოზი გავაკეთეთ, რომ ამ ომს სახელი დაერქმეოდა. ამ ომს სახელი დაერქვა, ფრონტის ხაზიც გავლებულია. მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც განსაზღვრულია”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

კასრელიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა.

“საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო ძიძგილაობის ფონზე, მსოფლიოში ძალიან საინტერესო პროცესები ხდება, რომელსაც ჩვენს რეგიონზე, კავკასიაზე პირდაპირი გავლენა აქვს.

იცით, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 61 მილიარდის დახმარება დაამტკიცა. საქართველოში კი არა, უკრაინაშიც არავის სჯეროდა,რომ ეს მოხდებოდა, მაშინ, როდესაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ “დემოკრატები” და “რესპუბლიკელები” შეთანხმდებოდნენ და უკრაინის არმიას დააფინანსებდნენ. უკრაინის არმია შემთხვევით არ ვახსენე, სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აფინანსებენ, მაგრამ პროცესს აფინანსებენ და არა პიროვნებებს. ყველა ის შეცდომაა გათვალისწინებული, რაც აქამდე დაუშვეს. ფული არ მოხვდება მიმღების ხელში, მიმღების ხელში მოხვდება ის ტექნიკა, ამუნიცია და აღჭურვილობა, რაც სჭირდებათ. თანხები ასევე ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ჩაირიცხება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მაისიდან ნოემბრამდე ძალიან სისხლისმღვრელი, მძიმე, სერიოზული საომარი მოქმედებები იქნება, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე, დამანგრეველი ომი მიდის. პოზიციური ბრძოლები გარდამავალი უპირატესობითაა ხმელეთზე, ძირითადად, სარაკეტო, საჰაერო შეტევებითაა, ორივე მხარე მსხვერპლს გაურბის. სახმელეთო ბრძოლებში ვერცერთი მხარე განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ აღწევს. დანარჩენი ნოემბრამდე გამოჩნდება.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში პროგნოზი გავაკეთეთ, რომ ამ ომს სახელი დაერქმეოდა. ამ ომს სახელი დაერქვა, ფრონტის ხაზიც გავლებულია. მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც განსაზღვრულია. საომარი მოქმედებების სახით ომს სახელად რუსეთ- უკრაინის ომი ჰქვია.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები აპირებენ, შვეიცარიაში, სამშვიდობო კონფერენციაზე შეიკრიბონ. მინდა გითხრათ, რომ ჰელსინკის კონფერენციის შემდეგ ამდაგვარი შეკრება არ მომხდარა. სწორედ იმიტომ იკრიბებიან, რომ იმას, რასაც სახელი დაარქვეს, დოკუმენტურად გააფორმონ. ჯერჯერობით სახელი დაერქვა მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, დაპირისპირებული მხარეები გაიმიჯნა, ფრონტის ხაზი გავლებულია. ერთი მხრივ, თავისუფალი სამყაროა და მეორე მხრივ იმპერიები. თავისუფალ სამყაროში მოიაზრება დასავლეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისკენ აქვს, იმპერიულ სახელმწიფოებში მოიაზრება რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. ჩინეთს ამ შემთხვევაში საშუალება ეძლევა, შვეიცარიაში, ამ კონფერენციაზე თავის მოსაზრებები წარადგინოს, შეთავაზებები მიიღოს, ან არ მიიღოს. ჩვენი აზრით, ჩინეთს იმას შესთავაზებენ, რაც თავის დროზე რუსეთს შესთავაზეს. ესაა ევროპის, აშშ-ის თავისუფალი ბაზრები, თავისუფალი ვაჭრობა, ცივილურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, როგორც ეკონომიკით , ისე კულტურულად, რაზეც თავის დროზე რუსეთმა უარი თქვა. ჩინეთს სანაცვლოდ რას მოსთხოვენ, ვიცით, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოსთხოვენ, ამ სამ იმპერიულ წარმონაქმნს გაემიჯნოს. ჰელსინკის შემდეგ ახალი უსაფრთხოების სისტემა, ახალი დღის წესრიგი დოკუმენტურად პირველად დაფიქსირდება, ფრონტის ხაზიც გაივლება. ამის შემდეგ შეიძლება, იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე ვისაუბროთ, როცა ამ ორი დაპირისპირებული ბანაკის გეოგრაფიული საზღვრები გაირკვევა.

უკრაინა დახმარებას მიიღებს, პირველ ყოვლისა, აირსაწინააღმდეგოებს, შემდეგ ყველა სხვა ტიპის დახმარება მოდის. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული “პეტრიოტებია” და ამას იღებს, ამის შემდეგ გრძელ მანძილზე გამანადგურებელ არტილერიას იღებს, მხოლოდ ამის შემდეგ კი ავიაგამანადგურებლებს. როცა ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ემზადება დასავლეთი. ბუნებრივია, ამას რუსეთიც ისმენს. ვიცით ლავროვის კატეგორიული განცხადებები, ამ ბოლო დროს რუსეთის მედიასივრცეში გამოჩნდნენ ე.წ. “ფეისები”, რომლებიც ბირთვულ დარტყმებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს შეუძლია, თავის ტაქტიკაში ექნება მძიმე დარტყმები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ კვანძებზე, მათ შორის, ატომურ სადგურებზე, დიდ ჰიდროელექტრო სადგურებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ამისთვის ხომ დასავლეთიც ემზადება.
ამ ფონზე ვსარგებლობთ შემთხვევით, გვინდა, თხოვნით მოგმართოთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და ოპოზიციასაც, მნიშვნელოვანი პროცესები გაითვალისწინეთ”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები