ხუნდაძის თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, ჩვენს ქვეყანასთან უფროს-უმცროსობის პრინციპით ჰქონდეთ ურთიერთობა და ამაში მათ ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილიც უწყობს ხელს.
„მაღალი დონის სტატუსით. მტერთან ურთიერთობა გასაგებია – მტერი მტერია, მაგრამ, სამწუხაროა, როცა პარტნიორებთან ურთიერთობა ისევ უფროს-უმცროსობის და ისევ მოსწავლე-მასწავლებლის დონეზე არის დარჩენილი. გარკვეული ძალები ისე ურთიერთობენ საქართველოსთან, რომ თითქოს როცა უნდათ, ომში წაგვიყვანენ; როცა უნდათ, სანქციებში ჩაგვრთავენ ან თავად დაგვასანქცირებენ; როცა უნდათ, კანონს არ მიგვაღებინებენ და წაუკითხავად გაგვაპროტესტებინებენ და როცა უნდათ, ქუჩას შეგვიქმნიან და აგვაყირავებენ. ალტერნატივაც, აგერ, „ვივამედში” ჰყავთ გამზადებული.
მოკლედ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო, როგორც მეორადი ქვეყანა, ისე წარმოჩინდეს და გრძელვადიანად ასეთად დარჩეს; მუდმივად ცალ ფეხზე იდგეს. დაკვეთა ასეთია და ოპოზიციაში, სამწუხაროდ, ამის შემსრულებლებიც მრავლად იძებნებიან. ცდილობენ, საზოგადოების აზრი შავ ფულს დაუქვემდებარონ და ხშირად თავად საზოგადოებას მიაღებინონ მისთვისვე საზიანო გადაწყვეტილება.
ქვეყნის მართვის ორი მექანიზმი არსებობს და ორივეს ინტენსიურად და მძლავრად გამოყენებას ცდილობენ საქართველოსთან მიმართებით. ეს არის: სასამართლო სისტემის გარე ძალებზე ერთმნიშვნელოვანი დაქვემდებარება და არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო სექტორის გავლით, შავი ფულით ქართული პოლიტიკის ფორმირება. სასამართლოსთან მიმართებით ვხედავთ, რომ მისი კეთილსინდისიერების ინდექსის გაზომვა სურთ სწორედ იმ საზოგადოებით, რომლის კეთილსინდისიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა და რომელიც თავად გაურბის გამჭვირვალობას.
მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება აშშ-ის საელჩოში მისი გადაწყვეტილების რევიზიისათვის პირდაპირ ეთერში ვნახეთ, იმ ფონზე, როცა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და არავითარი ეჭვი ამაში არ არსებობდა. ვნახეთ მოსამართლეების დასანქცირებაც, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. ახლაც, არგუმენტაციის გარეშე ვისმენთ მოთხოვნას ამ მოსამართლეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.” – აცხადებს ხუნდაძე.