დავით მათიკაშვილი: ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის – ერთ მუშტს მოიქნევთ? – ათი მოგხვდებათ

“როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? – ათი მოგხვდებათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის გუშინდელი საქციელი ლაჩრული იყო.

„მერვე წელია, საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უნახავთ და არ ახსოვთ, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიჰპარვოდეს გამომსვლელს გამოსვლის პერიოდში და მისთვის დაერტყას. მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს, ხმა, კრინტი არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი რამ გაგიგიათ? ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რამე, მითხარით. ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? – ათი მოგხვდებათ. ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ. ვერც ელისაშვილი და ვერც თქვენი ზედმეტი ყვირილი აქ იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული. ბოდიშის მოხდა არის კარგი საქციელი, მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მივარდა და მას ხელი დაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები