როგორ ვაიძულოთ ხალხს მოწევა – სიგარეტის რეკლამა 1920-30-იან წლებში

მე-20 საუკუნის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმის რეკლამაში ნამდვილი აფეთქება მოხდა. ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Camel, Lucky Strike ან Chesterfield მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ საკუთარი პროდუქციის რეკლამირებაში. ამავე დროს თამბაქოს მოწევა პოპულარული გახდა ქალებისთვისაც, რაც მკვეთრად აისახა სარეკლამო ბანერებზე. სარეკლამო კამპანიების გმირები გახდნენ სპორტსმენები, მუსიკოსები, ექიმები, კინოვარსკვლავები და პოლიტიკოსები. თამბაქო მსოფლიოს იპყრობდა და ყველა კუთხე-კუნჭულში რეკლამდებოდა. იმ დროს ბანერების დამზადების ხელოვნებამ მწვერვალს მიაღწია. ყოველი სარეკლამო პოსტერი, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.

1920-იანი წლების რეკლამამ საკვანძო როლი ითამაშა მოწევის პოპულარიზაციაში. ეს პერიოდი დახასიათებულია, როგორც საზოგადოების აღქმაში მწეველი ადამიანის იერსახის ტრანსფორმაციის პერიოდი. მაშინ სიგარეტი გახდა წარმატების, ელეგანტურობის და თანამედროვე ცხოვრების სიმბოლო.

კინემატოგრაფიის გაჩენასთან და კულტურაზე მის ზეგავლენასთან ერთად, თამბაქოს კვამლი ეკრანული იერსახის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბედნიერი და წარმატებული პერსონაჟები ხშირად იყვნენ წარმოდგენილნი სიგარეტით ხელში. ისინი ქმნიდნენ ილუზიას, რომ მოწევა არის გზა სტილისა და დახვეწილობისკენ.

1920-იან წლებში სარეკლამო ბანერები ამ ილუზიას აძლიერებდა და წარმოაჩენდა სიგარეტს, როგორც პირველი კლასის ატრიბუტს. მათზე ხშირად ნახავდით გახარებულ და წარმატებულ ადამიანებს, თუმცა, ცხადია, მწეველთა უმრავლესობა ასე არ გამოიყურებოდა. სარეკლამო ბანერები ქმნიდა მიმზიდველ, მაგრამ, ამავდროულად, ხელოვნურ რეალობას, რომელიც მომხმარებლის მოხიბვლისკენ იყო მიმართული.

თუ მანამდე ქალებს შორის მოწევა საზოგადოების მხრიდან განკიცხვის საგანი ხდებოდა, 1920-30-იან წლებში ვითარება შეიცვალა. თამბაქოს კომპანიებმა გააცნობიერეს,  მომხმარებლის მნიშვნელოვან სეგმენტს კარგავდნენ, ამიტომ მათზე მიმართული მასშტაბური კამპანია აამუშავეს. მარკეტოლოგებმა წლები დახარჯეს იმაზე, რომ ქალებს მოწევა დაეწყოთ. მოწევის პროცესი იფუთებოდა, როგორც დამოუკიდებლობის, თანამედროვეობის და ემანსიპაციის სიმბოლო. ამ ყველაფერმა, ცხადია, მწეველი ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

სიგარეტის სარეკლამო კამპანიებში ხაზს ხშირად უსვამდნენ იმას, რომ მოწევა მადას აქვეითებს. 1920-იანი წლებიდან ამერიკულ კულტურაში გამხდარი ქალების მოდა შემოვიდა და მარკეტოლოგებმაც, ცხადია, თამბაქო ამ მოდასთან დააკავშირეს. მაგალითად, Lucky Strike იყენებდა შემდეგ სლოგანს: „აირჩიე Lucky (ბედნიერი, იღბლიანი, სასურველი), ტკბილის მაგივრად“.

სიგარეტი პოზიციონირებდა, როგორც წონის შენარჩუნების ან დაკლების მარტივი საშუალება. სწორედ ის გახდა დიეტის და ფიზიკური აქტივობის ალტერნატივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები