რომან გოცირიძე: სსფ-ის წარმომადგენელი საქართველოში ნუ დაემსგავსება წინამორბედს, რომელსაც კონფორმისტული პოზიცია ჰქონდა, დამალული იყო და ცხელ თემებზე კომენტარს არ აკეთებდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია რომ გლობალურად, ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები ზრდის ტენდენციას აჩვენებს და ამ თვალსაზრისით სებ–ი გამონაკლისი არაა, არის სამარცხვინო, – ამის შესახებ პარტია „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ენრიუ ჯუველი არ უნდა დაემსგავსოს წინამორბედს და უფრო აქტიური უნდა იყოს.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, თუ სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვებში ოქროს დამატებას, მაშინ ამის შესახებ ჩანაწერი ფონდის ბორდ დოკუმენტში უნდა ყოფილიყო.
„ახლახან წავიდა საქართველოდან სავალუტო ფონდის მისია და მსგავსი რამ არ ყოფილა. სსფ-ის წარმომადგენელი საქართველოში (ენდრიუ ჯუველი) ნუ დაემსგავსება წინამორბედს, რომელიც მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა ტელეეკრანებზე. კონფორმისტული პოზიცია ჰქონდა, დამალული იყო და ცხელ თემებზე კომენტარს არ აკეთებდა. სავალუტო ფონდის აქაური წარმომადგენლობა უფრო აქტიური უნდა იყოს. აბა დააკვირდით, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი, სხვა ელჩები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა საელჩოს სტატუსის მქონე დაწესებულებაა და ეს სამარცხვინო პასუხია, რაც მათ გაავრცელეს სებ-ის მიერ რეზერვებში ოქროს დამატებაზე. დიპლომატია არ არის სავალუტო ფონდის საქმე, მან უნდა თქვას მკაფიოდ, რომ კარგია, ცუდია ან უნდა თქვას, რომ ნეიტრალურ პოზიციას ვიჭერ და ნათელი პასუხი უნდა გასცეს“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.