წინანდლის მამული კირილ ზდანევიჩის გამოფენას უმასპინძლებს

13 აპრილს, 15:00 საათზე,  წინანდლის მამულში კირილ ზდანევიჩის გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კირილ ზდანევიჩის 11 ნამუშევარი გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. ნამუშევრები გვთავაზობს მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივას 1910-იანი წლების კუბო-ფუტურისტული კომპოზიციებიდან 1960-იან წლებში შესრულებულ პეიზაჟებამდე. ექსპონატები როგორც უშუალოდ ზდანევიჩის შემოქმედების, ისე XX საუკუნის I ნახევრის ქართული სახვითი ხელოვნების საეტაპო ნამუშევრებს წარმოადგენენ.
კირილ ზდანევიჩი (1892-1969) ქართული სახვითი ხელოვნების მოდერნიზაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. თბილისური ავანგარდის ცენტრში მყოფმა მხატვარმა მეტწილად განსაზღვრა ქართული მოდერნიზმის ძირითადი არტისტული პროცესები და მხატვრული ტენდენციები.
მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაში აისახა მულტიკულტურული თბილისის პოლიფონია და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის თითოეული მხატვრულ-ისტორიული პერიპეტია: ფიროსმანაშვილი, „ფუტურისტთა სინდიკატი“, ჯგუფი „41°“, არტისტული კაფეები და მათი მოხატულობა, ქართული თეატრი და არტისტული წიგნი თუ საბჭოთა რეჟიმი და მისი ტოტალური გავლენა ხელოვნებასა და ადამიანზე.
გამოფენის დათვალიერება წინანდლის მუზეუმის სტუმრებს ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
გამოფენის წარმდგენი: „სილქნეტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები