“ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს – პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს” – ლევან მახაშვილი 

“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის ორგანიზაციის ავტორიტეტის საფუძველია. საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს არაფერი დაუდგენია, გარდა – ბრალდებებზე მითითებისა.

“საქართველოში სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ, როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე „მშვიდობიანმა“ დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი. ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად, აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს – პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს. როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ. ქვეყნები სულ უფრო მეტად აღიქვამენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არა საერთო პრინციპების დამცველად, არამედ შერჩევითი პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებლად. შედეგად ვიღებთ ნაკლებ მონაწილეობას, შესუსტებულ თანამშრომლობას და ასამბლეის თანდათან მარგინალიზებას. ამით ჩვენ ვასუსტებთ იმ ორგანიზაციის ლეგიტიმურობას, რომლის დაცვაც ჩვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები“, – თქვა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები