სახელმწიფო ენა, როგორც ეროვნული იდეოლოგია – ანუ რა როლს თამაშობს ენა ქვეყნის პოლიტიკაში
„ენა, მამული, სარწმუნოება“ – უდიდესი მოაზროვნის, პოლიტიკოსისა და მწერლის, ილია ჭავჭავაძის ყველაზე ცნობილი ლოზუნგია, რომელიც ქართველებს ეროვნულ თვითგამორკვევასა და სახელმწიფოებრივი ფასეულობების ჩამოყალიბებაში უნდა დახმარებოდა. ყველა, ვისაც ეს ფრაზა სკოლაში უსწავლია ან სადმე ყური მოუკრავს მისთვის, უსათუოდ, ერთხელ მაინც დაფიქრებულა, თუ რატომ იწყება ჩამონათვალი მაინც და მაინც „ენით“ – ეს შემთხვევითობაა თუ ავტორის პირადი სიმპათია ლინგვისტიკის მიმართ.
საქმე ისაა, რომ ენა ეროვნული იდეოლოგიის განმსაზღვრელი, მნიშვნელოვანი ელემენტია და „ლოკომოტივის“ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკაში. თანამედროვე სამყაროში – რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ლანგრით გვართმევს ახალ ფსევდო თუ ნამდვილ იდეოლოგებს – კიდევ უფრო გამოიკვეთა მისი წვლილი ეროვნული მსოფლმხედველობის გავრცელებასა და გამყარებაში. სახელმწიფო ენა საერთო ღირებულებების ირგვლივ აერთიანებს მოსახლეობას (თუმცა საკუთრივ ენაც, თავისთავად, შეგვიძლია ღირებულებად მივიჩნიოთ), მშვიდობიანად აგვარებს ქვეყნის შიდა კონფლიქტებს, ზრდის ტოლერანტობას, ავრცელებს განათლებასა და ცოდნას, ხდება პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური პროცესების წამახალისებელი ფაქტორი და ა.შ. ენა, უპირობოდ, სახელმწიფოს სიმშვიდისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე დგას და მის თითოეულ მოქალაქეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად აგრძნობინებს თავს; რაც მთავარია, უჩენს საერთო მიზანს და მისკენ სწრაფვის სურვილს.
ენა რამდენიმე თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ: ერთი მხრივ, იგი „დროის კაფსულაა“, მეორე მხრივ კი „სოციალური რეალობის მემატიანე“. ენის მეშვეობით ვიგებთ, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში უახლოეს თუ შორეულ წარსულში. მაგალითად: მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში 22 ოფიციალური ენაა, დღესდღეობით საჯარო დაწესებულებებში დოკუმენტაციას აწარმოებენ ჰინდიზე (უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, 425 მილიონი მაცხოვრებელისთვის იგი მშობლიური, ე.წ. „პირველი“ ენაა) და ინგლისურად (2023 წლის სტატისტიკით, 125 მილიონი მოქალაქე ფლობს მას). ინგლისური ითვლება „ბიზნესის ენადაც“. მიზეზი უკავშირდება არამხოლოდ ინგლისური ენის ზოგად პოპულარობას, არამედ ინდოეთის ისტორიას. ინდო-ბრიტანული კომპლექსური ურთიერთობები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დაიწყო და სულ მალე ხანგრძლივ კოლონიზაციაში გადაიზარდა. The British East India Company-ის მიერ ინდური მიწების დაპყრობა და ეკონომიკური გაბატონება, „რაჯას“ (ბრიტანეთის მიერ ჩანერგილი ხელმძღვანელის) მმართველობა და მოსახლეობისთვის კაბალური ბეგარას დანიშვნა (რამაც ხალხი უკიდურეს შიმშილამდე მიიყვანა და მასობრივი სიკვდილიანობის მიზეზი გახდა) – იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენების შეკვეცილი ჩამონათვალია. იმპერიალისტური მისწრაფებების განსახორციელებლად საჭირო იყო ინდოელებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მართვა, ეს კი საერთო ენის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, სწორედ ამიტომ ბრიტანეთმა ინდოეთში „დასავლური ცივილიზაციის შეტანა“ დაიწყო, უპირველესად კი, გახსნა სასწავლებლები; ასე და ამგვარად, ბრიტანელებმა ჩამოაყალიბეს ინგლისურად მოლაპარაკე იაფი (ზოგჯერ სულაც უფასო) მუშახელი; ნელ-ნელა ინგლისური მთელ ინდოეთის მოსახლეობას მოედო და ახლაც კი, როცა 76 წელია გასული სუვერენიტეტის მოპოვების დღიდან, ინდოელებში ფესვგადგმული ინგლისური ენა კვლავაც მკაფიოდ წარმოაჩენს მათ ისტორიას.
როცა განვიხილავთ ენას, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ეროვნული იდეოლოგიის ფუნდამენტს, უნდა შევეხოთ მის თვითმყოფადობის შემნარჩუნებელ ძალასა და ხასიათს, რაც თვითიდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა გლობალიზაციით მოტანილ არეულობაში. ენაში მკაფიოდ ვლინდება და ნარჩუნდება ქვეყნის შიდა მრავალფეროვნება – სუბკულტურები თავს იჩენს დიალექტიზმში (მაგალითად, ფხოური, მთიულური და ფშაური, ქართლ-კახური, დასავლური და ა.შ.) ან ენის სხვა ვერბალური ფორმების ჩამოყალიბებაში (ასეთია – მეგრული, სვანური, ჭანური; მართალია მათ დამოუკიდებელი ფონეტიკური და მორფოლოგიური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ მაინც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებიან). ენაში კარგად ჩანს არამარტო კულტურული განსხვავებები და მსგავსებები, არამედ სხვადასხვა კუთხის ხალხთა თავისებურება, განსჯისა და აზროვნების პროცესი და დიაპაზონი. ინფორმაცია, რომელსაც ენა გვაწვდის, საბოლოო ჯამში, მთელი ნაციის შესახებ გვიქმნის სურათს. როგორც ხედავთ, ენა გლობალიზაციის ნაკადებში თვითგამორკვევის კომპასია, გამოდის – ორიენტირიცაა და გვპასუხობს კითხვებზე: ვინ ვართ/ვინ არ ვართ? სად ვართ (და ამაში სულაც არ იგულისხმება გეოგრაფიული მდებარეობა)? რა ადგილი გვიკავია სამყაროში?

ენა უხილავი პოლიტიკური იარაღია – ერთი მხრივ, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კეთილშობილური ზრახვებითა და მიზნებით, მაგალითად – ხალხის გაერთიანება; განათლებისა და ცოდნის გავრცელება, რაც თავის მხრივ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია; მეორე მხრივ, კი ავტორიტატულ ქვეყნებში მართვის ბერკეტად შეიძლება იქცეს. გავიხსენოთ, ჯორჯ ორუელის „1984“, როგორ ზრუნავდა „დიდი ძმა“ ლექსიკონების შეცვლასა და მოდიფიკაციაზე, რათა შეეკვეცა და მაქსიმალურად შეემცირებინა სიტყვები, ზოგიერთი მათგანი კი „აღეგავა პირისაგან მიწისა“. ამგვარად იგი ავიწროებდა აზროვნების დიაპაზონს და გონებაში არსებულ, აბსტრაქტულ განსჯის არეალს, სადაც სიტყვების მეშვეობით უნდა შობილიყო დამოუკიდებელი, თავისუფალი აზრები.
მოდი, გავცდეთ ლიტერატურის საზღვრებს და გავიხსენოთ ჩვენივე ქვეყნის ისტორიული მაგალითი: საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსებმა ქართული ენის სკოლაში სწავლება აკრძალეს (თუმცაღა, ამ აქტიურად მიმდინარე პროცესს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტის სახე), რათა ენის გაქრობით მიეღწიათ სრული კულტურული ასიმილაციისთვის; ეს კი იდენტობის დაკარგვით უნდა დაგვირგვინებულიყო. იმისთვის, რომ ქართველები ემართათ, საჭირო იყო მათი გონების რუსულ რელსებზე გადაყვანა – ანუ ბიძგი (უფრო კი იძულება) რუსულად საუბრისა და ფიქრისკენ. საერთო „მშობლიური {რუსული} ენა“ ქართველი მოსახლეობის დაზომბირების და მორჩილებაში დატოვების საშუალებას იძლეოდა. ვინაიდან ქართველებს თავიანთი, უნიკალური ენა ჰქონდათ, რთულდებოდა მათ გონებაში ინტერვენცია და ე.წ. ეროვნული ტვინისთვის – ერთიანი, მოფიქრალი მექანიზმისთვის – სააზროვნო არეალის შემცირება. რუსეთის მიერ გატარებული არაოფიციალური „რეფორმები“, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება მივიჩნიოთ კულტურული გენოციდის მცდელობადაც კი, რადგან სწორედ კულტურული გენოციდის, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დანაშაულის, ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კომპონენტია ენის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, მისი აღმოფხვრისა და განადგურების მიზნით; რათა ჯერ შეასუსტონ, შემდეგ კი გააქრონ ეროვნული აზროვნება, შესაბამისად, მოსპონ ეროვნული იდეოლოგიაც. ფაქტია: ძლიერი სახელმწიფო ენა ძლიერი ეროვნული იდეოლოგიის ტოლფასია და, თავისთავად, ძლიერ ქვეყანასაც ნიშნავს.
როგორც ხედავთ, ენასა და ეროვნულ ღირებულებებს შორის მჭიდრო კორელაციაა. სწორედ ამიტომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მით უმეტეს, მცირე ერისთვის, გარდაუვალი აუცილებლობაა მისი დაცვა, გაძლიერება და გავრცელება. სსიპ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სწორედ ამას ემსახურება. იგი 2014 წლიდან ახორციელებს განახლებულ „სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამას“ და ბენეფიციარებს 30 თემატურ სასწავლო კურსს სთავაზობს. 2022-2023 წლებში აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო 5439 პირი. შეგახსენებთ, რომ კურსებს სრულად აფინანსებს სახელმწიფო და მასში ჩართვა ნებისმიერ პირს შეუძლია, მათ შორის, საჯარო მოხელეებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, იმიგრანტ სტუდენტებსა და ა.შ.
ავტორი: თამარ (თათული) ღვინიანიძე